იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში, იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში“ ისაუბრა. მისივე თქმით, ამავე პერიოდში საქართველოში „კოვიდ 19“-ით გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა.
„გვქონდა გრიპით გარდაცვალების 3 დადასტურებული შემთხვევა. აშშ-ში წინა კვირაში გრიპით გარდაცვალების 569 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო კვირაში კი - 271. იგივე ამერიკაში „კოვიდით“ 410-გარდაცვალება დაფიქსირდა. საქართველოში „კოვიდით“ გარდაცვალება არ ყოფილა“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
რაც შეეხება სტატისტიკას, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მიმდინარე ვირუსების დაახლოებით, 43 %-ი მოდის H1N1 გრიპზე, 4%-ი - H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და მასზე 20%-ი მოდის.
„ბოლო პერიოდში გაიზარდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც აავადებს, როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს და გრიპისა და „კოვიდის“ შემდეგ ყველაზე საშიში ინფექციაა, რადგან ბავშვებში იწვევს ბრონქიოლიტის. ამის შემდეგ 2-5 პროცენტი მოდის 3 რესპირატორულ ინფექციაზე, ეს არის ადენოვირუსები, რინოვირუსები და „კოვიდი“. ასეთი ასორტიმენტია დღეს.
ახლა, რადგან გრიპი დომინირებს, ძალიან აქტუალურია გრიპის ვაქცინით აცრა. მოსახლეობაში ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრევენციული პრიორიტეტი“,- განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა 200 ათასი ვაქცინა, რომელიც ჯერ მთლიანად ათვისებული არ არის და ასევე კერძო სტრუქტურებსაც შემოაქვთ გრიპის ვაქცინა, ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ბევრია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.