იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათიათასობით ადამიანის გამოსვლა ადასტურებს, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრსა და საპროტესტო საზოგადოებას შორის არსებული გაუცხოება დასრულდა.

როგორც კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მოქალაქეების ამ მასშტაბის მობილიზება პოლიტიკური ლიდერების გარშემო ახალ საზოგადოებრივ კონსოლიდაციაზე მიუთითებს.

ამის პარალელურად კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციასა და საპროტესტო საზოგადოებას შორის ნდობა არ არის სრულფასოვანი და ჯერჯერობით საქმე გვაქვს „ნდობის მინიმუმთან“.

„[პოლიტიკური შემადგენელი] გამოარჩევდა აქციას. თვეების განმავლობაში, 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, პროტესტი პოლიტიკური შემადგენლის გარეშე ვითარდებოდა. პოლიტიკური შემადგენელი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახით, თითქოს გაუცხოებული იყო საპროტესტო მოძრაობისგან – ისინი არც ჩანდნენ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და საპროტესტო საზოგადოების სიმბიოზი არ ჩანდა, პირიქით, თითქოს განიზიდავდნენ კიდეც ერთმანეთს, რაც გადაილახა” ამაში დამნაშავე იყო თავად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. მუდმივად იყო ლაპარაკი გარკვეულ კოორდინაციაზე, გაერთიანებაზე, ერთობლივ მოქმედებაზე, რასაც კარგა ხანი თავი ვერ მოება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთმანეთის ჩაძირვაზე იყვნენ მიმართული. როგორც კი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ერთიანობა დააფუძნონ გარკვეულ პრინციპებზე, ღირებულებებზე, მათ აჩვენეს ერთიანობა და სტაბილურობა ერთიანობაში, საპროტესტო საზოგადოებამ მათ დაუჯერა. არსებობს ნდობის მინიმუმი “ოპოზიციის ალიანსის” მიმართ, რაც აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ჩვენ გვენახა ამდენი ადამიანი ქუჩებში გამოსული. ათიათასობით ადამიანი ქუჩებში ალიანსის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე – ეს ადასტურებს იმას, რომ გაუცხოება ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრსა და საპროტესტო საზოგადოებას შორის თითქოს დამთავრდა.

ჯერჯერობით, ეს ნდობა არ არის სრულფასოვანი, ნდობის მაქსიმუმისთვის არ მიუღწევია პროცესს. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ნდობის მინიმუმთან. ნდობა არსებობს, რაღაცნაირად შედგა ურთიერთთანამშრომლობა, ურთიერთგაგება ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრსა და საპროტესტო საზოგადოებას შორის. სტარტისთვის ეს კარგია“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, 26 მაისის აქციამ აჩვენა, რომ პროტესტი არსად არ წასულა და საპროტესტო განწყობა დარჩა ადამიანებში.

„სრულიად მკაფიო და აშკარაა, რომ ეს არის სიგნალი იმისა, რომ პროტესტი არსად არ წასულა და საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები დარჩნენ ამ რეჟიმში. ხელისუფლებას მუდმივად სურს წარმოაჩინოს ისე, თითქოს პროტესტი განელდა იმ თვალსაზრისით, რომ წარსულში საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები ლოიალურები გახდნენ „ქართული ოცნების“ მიმართ. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ასე არ არის. პროტესტის მიმართ სრულიად არაპროპორციული და არაადეკვატური რეპრესიული ზომების მიუხედავად ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და გააპროტესტა ხელისუფლების დღევანდელი კურსი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა. მართლაც ხალხმრავალი აქცია იყო, შეუძლებელია ეს მომენტი არ შეგემჩნია.

უამრავი ბარიერი ააგო ხელისუფლებამ პროტესტის გზაზე და ვერ ვიტყვით, რომ ამ ბარიერმა არ იმუშავა, ბევრი ადამიანი სახლშია და შინაურ გარემოში გამოხატავს თავის ბრაზს, მაგრამ ამის მიუხედავად ქუჩაში გამოვიდა ათიათასობით ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ საპროტესტო მუხტი არ შენელებულა და პროტესტი ისევ აქ არის, ისევ ცოცხალია და ისევ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ მისი კურსი ქვეყნის განვითარებისთვის საზიანოა“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

26 მაისის აქციის გარდა, იაგო კაჭკაჭიშვილმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე, კერძოდ, კაჭკაჭიშვილი გამოეხმაურა „იმედის“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდზე“, რომელზედაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და  ერთად არიან გამოსახული.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ “ქარდი” ბიძინა ივანიშვილის ხედვას ასახავდეს.

„აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ თავად ბიძინა ივანიშვილის ხედვა იყოს ასეთი, მაგრამ თვით „ქართული ოცნების“ მომხრეებშიც კი არადამაჯერებელი აღმოჩნდა ამ სლოგანის განზრახვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ფიგურა, თავისი პოლიტიკური ბიოგრაფიით, ამ ბიოგრაფიის ნებისმიერი შინაარსით არის თანაზომიერი ზვიად გამსახურდიასი ან მერაბ კოსტავასი. ცხადია, ეს ასე არ არის. იმ დროს, როდესაც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ედგნენ სათავეში,  რუსეთში აკეთებდა ბიზნესს და ლებედის კამპანიას აფინანსებდა, რომელიც 9 აპრილის დარბევაში მონაწილეობდა. ქარდზე ივანიშვილის გამოჩენა, სემანტიკური შეუთავსებლობაა, მნიშვნელობების აცდენაა ბიოგრაფიული შინაარსიდან გამომდინარე“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.