ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა" - პრეზიდენტი ელჩებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს საქართველოს ელჩებისთვის და აღნიშნავს, რომ აქამდე სხვა ღონისძიებებზე არ მიეცა საშუალება მათთვის მიემართა ან მათ შეხვედროდა.
"ამიტომ, მე არაფერს გასწავლით და არაფერს გკარნახობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა", - წერია პრეზიდენტის მიმართვის ტექსტში, სადაც იგი ასევე აღნშნავს, რომ ელჩები, სხვა საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, "არ არიან ჩვეულებრივ მდგომარეობაში და არ არიან ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები".
ამიტომ, მე დღეს მტკივა, თქვენ მაგივრად და თქვენთვის, რომ ამ მდგომარეობაში ხართ, გაურკვევლობაში, როცა ერთი რამ უნდა თქვათ და მეორე რამ გწამთ.
პრეზიდენტი, ასევე ელჩებს მიმართავს, რომ ისინი "გაურკვევლობაში არიან", როცა "ერთი რამ უნდა თქვან და მეორე რამ სწამთ".
"თქვენ ზუსტად იქ ხართ, ამ შუაგულ ევროპაში და იქ ისმენთ ტყუილებს. ტყუილებს იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენი ევროპული გზა გრძელდება, ჩვენი პარტნიორების განცხადებების მიუხედავად, რომ თურმე საქართველო 2030 წელს (თუ როდის არ ვიცი) მაინც შეძლებს ევროკავშირში შესვლას. მე ვიმყოფებოდი შვეიცარიაში შაბათ-კვირას, სადაც პრაქტიკულად ყველა ევროპელ ლიდერს შევხვდი და ისინი მეკითხებოდნენ თუ რას ნიშნავს ის, რომ ,,საქართველო მაინც შევა ევროკავშირში“, ,,მაინც“- რას ნიშნავსო, იმის მიუხედავად, რომ იღებს რუსულ კანონებს და არამხოლოდ ერთ კანონს, იმის მიუხედავად, რომ არ ისმენს არცერთ რეკომენდაციას და თვითონ არ ასრულებს არცერთ იმ რეფორმას, რომელიც საჭიროა ამ გზაზე.
სწორედ, დღეს მოლდოვის პრეზიდენტმა (ერთგვარად თეთრი შურით მშურს მისი) ხელი მოაწერა განკარგულებას, დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, რომელიც მომავალ კვირას გაწევრიანების მოლაპარაკებებს დაიწყებს და ჩვენც ამ მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავით ახლა.
და ეს თქვენთვის იმ საქმის სწორი დაგვირგვინება იქნებოდა, რაც აქამდე გაგიკეთებიათ, რადგან მე კარგად ვიცი, რომ თქვენ ის პროფესიონალი დიპლომატები ხართ (დიდწილად ყოველ შემთხვევაში), რომლებიც აქამდე სწორედ ჩვენ ევროპულ გზაზე მუშაობდნენ და რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმ მიღწევაში, რომელიც არცერთ მთავრობასა და არცერთ ხელისუფლებას არ ეკუთვნის. ეს ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ ჩვენ მივედით კანდიდატის სტატუსამდე და მასთან ერთად ჩვენი ხალხის დამსახურებაა - ამ საქმეს პროფესიონალები და ხალხის ნება სჭირდება. და დღეს რაც ხდება, ეს არის ღალატი პროფესიონალიზმის, ეს არის ღალატი იმ ხალხის, რომელიც პირველივე დღიდან, დამოუკიდებლობიდან და მანამდეც, სწორედ, ამ ევროპულ გზაზე ოცნებობდა", - წერია პრეზიდენტის მიმართვაში.
3 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებსაიტზე გამოქვეყნდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც უცხოეთის აგენტების რუსული კანონმდებლობის მსგავსია.
საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.
„არა რუსულ კანონს!“ - ამ მთავარი გზავნილით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.