“თუ შენც ჩემსავით საყვარელი ადამიანის დაკარგვამ ცხოვრების აზრი დაგაკარგვინა, თუ შენი ცხოვრება მხოლოდ ერთი, ყველაზე ძვირფასი ადამიანის საფლავია, თუ არ იცი როგორ უნდა გააგრძელო გზა…” – მაია ასათიანის მიმართვა და ახალი წამოწყება – Marao

“თუ შენც ჩემსავით საყვარელი ადამიანის დაკარგვამ ცხოვრების აზრი დაგაკარგვინა, თუ შენი ცხოვრება მხოლოდ ერთი, ყველაზე ძვირფასი ადამიანის საფლავია, თუ არ იცი როგორ უნდა გააგრძელო გზა…” – მაია ასათიანის მიმართვა და ახალი წამოწყება – Marao
მაია ასათიანი მაყურებელს სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერიდან არაერთი წლის განმავლობაში ესალმებოდა. მისი საფირმო დამშვიდობება კი ჟურნალისტის ერთგვარი ნიშა გახდა. საავტორო გადაცემის ფარგლებში, მაიამ არაერთი წარმატებული და რეიტინგული სეზონი ჩაატარა, დღეს კი კულისებში გადაინაცვლა და საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს.
მაია ასათიანი 1977 წელს თბილისში დაიბადა. უმეტესად ცნობილია, როგორც აპოლიტიკური გადაცემა „პროფილის“ წამყვანი. იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართულ ანალოგ „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი, უფრო ადრე კი – საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.
მაია ასათიანის მეუღლე ირაკლი მახვილაძე გახლდათ. წყვილი ადრეულ ასაკში დაქორწინდა. შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ირაკლი ცდილობდა, რჩეული სიურპრიზებით გაენებივრებინა, ხშირად ჩუქნიდა ყვავილებს… მალე ოჯახიც შედგა, თუმცა, სამწუხაროდ, მალევე დაინგრა. მაიას და ირაკლის ერთი შვილი, ნუცა მახვილაძე შეეძინათ.
რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იყო წასული, 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა, ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. “ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია, რომ ხელისშემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ჰყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს”, – ამბობდა მაია ერთ-ერთ ინტერვიუში.
შვილის გარდაცვალების შემდეგ მაია ასათიანმა შეძლო და ცხოვრება ახალი ძალებით გააგრძელა. მან გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, შეიცვალა საქმიანობის სფერო და ბევრი ქალისთვის გახდა სიძლიერის მაგალითი.
„ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ“ – ამ თემაზე ჟურნალისტი მაია ასათიანი ტრენინგების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
„დიახ, მე, შვილმკვდარმა ქალმა მოვძებნე საკუთარ თავში ძალა და ცხოვრება თავიდან შევიყვარე. ეს ყველაზე რთული გზაა, მაგრამ ამ გზის გავლა შესაძლებელია. თუ შენც ჩემსავით საყვარელი ადამიანის დაკარგვამ ცხოვრების აზრი დაგაკარგვინა, თუ შენი ცხოვრება მხოლოდ ერთი, ყველაზე ძვირფასი ადამიანის საფლავია, თუ არ იცი როგორ უნდა გააგრძელო გზა, მე ვიცი როგორ დაგეხმარო.
მე ვიწყებ ახალ, სრულიად უნიკალურ ტრენინგს ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ. მე ეს შევძელი, შენც შეძლებ. მოდი ჩემთან და გასწავლი, როგორ დაიწყო ცხოვრება თავიდან“,- ამბობს მაია ასათიანი.

ასევე დაგაინტერესებთ