თუ მწყრის, იხვის, ინდაურის კვერცხი არ იბეგრება დღგ-ით, ქათმის კვერცხმა რა დააშავა?|ზურაბ უჩუმბეგაშვილი(bm.ge)

„17 წელიწადია, ვსვამთ ერთ მარტივ კითხვას - თუ კვერცხი მწყრის, კვერცხი იხვის, კვერცხი ინდაურის არ იბეგრება, ქათმის კვერცხმა რა დააშავა?!" - აცხადებს კომპანია „კუმისის“ თანადამფუძნებელი და „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
საქმე ის არის, რომ მხოლოდ ქათმის ხორცი და კვერცხი იბეგრება 18%-იანი დღგ-ით ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქტებიდან - დანარჩენი ყველაფერი გათავისუფლებულია, ამიტომ 10 წელზე მეტია, კვერცხის და ქათმის ხორცის მწარმოებლების მთავრობას დღგ-ისგან გათავისუფლებას სთხოვენ, მაგრამ - უშედეგოდ.
"ხან ხუმრობით ვთქვით, ხან სერიოზულად, მაგრამ ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ, ისევე, როგორც ქათმის ხორცზე. ჩვენ იმაზეც თანახმა ვიყავით, რომ თუ მთლიანად არ გაათავისუფლებდნენ დღგ-ის გადახდისგან, ხომ არ მიგვეახლოვებინა ევროპის და სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან, სადაც სურსათზე არა სტანდარტული დღგ არის დაწესებული [დღგ-ის გადასახადი დიფერენცირებული მოდელი]", - თქვა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.