ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან ორმაგად გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ ეს სერიალი ბევრჯერ გვინახავს?! გვარამიათი დაწყებული, მელიათი გაგრძელებული და გიგი უგულავათი დამთავრებული – ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი იყო წარდგენილი აბსოლუტურად ყველა ხდებოდა შემდეგ პოლიტიკური დევნილი. შემდეგ ეს საქმეები წავიდა სტრასბურგის სასამართლოში და ასიდან ასივე შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ჩვენი მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ღარიბაშვილმა იცოდა იმის თაობაზე, რომ ბურჭულაძემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და ელოდა ახალ ბრალს, ამიტომ შეეცადა სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურში გადაეყვანა.
„ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს. ამ ბინძური მეთოდებით უმოქმედიათ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან გულდასაწყვეტი არის, სრული გულწრფელობით ვამბობ, რომ ანალოგიურად მოქმედებს ახლა ბატონი ღარიბაშვილი და ყველაფერი ემთხვევა და ლოგიკური ჯაჭვის აგება ძალიან მარტივია. იგი ელოდა ახალი ბრალის წარდგენას, როდესაც ბატონმა ბურჭულაძემ ითანამშრომლა და თურმე ძალიან მსხვილი ე.წ. „ატკატები“ ტყდებოდა ბატონი ღარიბაშვილის კაბინეტში. ბატონი ირაკლი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო. რაღაც ტიპის ინფორმაციამ სავარაუდოდ გაჟონა, მან წინასწარ იცოდა ბატონი ბურჭულაძის თანამშრომლობის შესახებ და თუ არ ვცდები, ორი დღით ადრე იყო ის პირველი წერილი, როდესაც გამოუშვა და ეცადა სამართლებრივი საკითხი გადაეტანა პოლიტიკურ ჭრილში.” – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.