“მინდა, ყურადღება მივაქციოთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლებელში 2026 წელს ჩარიცხულ არაერთ სტუდენტს შეგვექმნა.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ბევრი ჩვენგანი ჩაირიცხა აღნიშნულ უნივერსიტეტში. თუმცა ჩარიცხვის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ უნივერსიტეტი მდებარეობს შუახევში, ზემო აჭარაში, რაც თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ძალიან დიდ მანძილს ნიშნავს.
პრობლემა ის არის, რომ არჩევანის გაკეთებისას უნივერსიტეტის სახელწოდებიდან მისი გეოგრაფიული მდებარეობა ყველასთვის მკაფიოდ არ იყო აღქმული.
ახლა კი არაერთი სტუდენტი აღმოჩნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში.
ჩვენ ყველას არ გვაქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ სხვა ქალაქში გადავიდეთ, ვიქირაოთ ბინა, გადავიხადოთ კომუნალური გადასახადები, კვების, ტრანსპორტისა და სხვა ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები.
გარდა ფინანსური პრობლემისა, ბევრი ჩვენგანისთვის ოჯახიდან ასეთ დიდ მანძილზე წასვლა ფსიქოლოგიურად და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარეც ძალიან რთულია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც თბილისში ან სხვა ქალაქში ჰყავს ოჯახი და ყოველდღიურად ოჯახის დახმარება/გვერდით ყოფნა სჭირდება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ სწავლის გაგრძელებაზე უარს არ ვამბობთ. არ გვინდა, ეს შესაძლებლობა მხოლოდ სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გამო დავკარგოთ.
უნივერსიტეტთან კომუნიკაციის შედეგად გავარკვიეთ, რომ ამ ეტაპზე სრულად დისტანციური ან ჰიბრიდული პროგრამები არ აქვთ და მათი შემოღება არ იგეგმება. შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული კურსების ონლაინ ჩატარება, რაც ჩვენი პრობლემის სრულად გადაჭრისთვის საკმარისი არ არის.
ამიტომ გვინდა, გავერთიანდეთ და ერთად მივმართოთ შესაბამის უწყებებს, რათა არსებობდეს რაიმე სამართლებრივი და რეალური გამოსავალი მაგალითად, შესაძლებლობა, რომ მეორადი ჩარიცხვის/გადანაწილების ფარგლებში ჩვენი არჩევანი ხელახლა განიხილონ, ან მოგვცენ სხვა გზა, რომლითაც სწავლას შევძლებთ ჩვენთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
ამასთან, გვინდა, რომ ყველა ადამიანი, ვინც მსგავს მდგომარეობაშია, დაგვიკავშირდეს.
რაც უფრო მეტი ადამიანი გავერთიანდებით, მით უფრო ორგანიზებულად შევძლებთ ჩვენი პრობლემის დაყენებას.




