თინა ხიდაშელი – მადლობელი ვარ, რომ გამოვიდა სცენაზე, ასეთ საახალწლო საჩუქარს ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს გააკეთებდა – ახლა ოპოზიცია უნდა დაჯდეს საჭესთან, მანქანის მართვა დაიწყოს, ხოლო „ქართული ოცნება“ მდევრის როლში იყოს

ძალიან კმაყოფილი ვარ. ასეთ საახალწლო საჩუქარს ვერაფერს გააკეთებდა, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ყოფილი-პრემიერ მინისტრის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, ივანიშვილს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, პირადად პასუხისმგებლობის აღება ყველა იმ ქმედებებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩაიდენს.
„ძალიან კმაყოფილი ვარ. ასეთ საახალწლო საჩუქარს ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს გააკეთებდა. არავინ ცხოვრობს იმ ილუზიაში, რომ ივანიშვილი საიდანღაც დაბრუნდა. ივანიშვილი მანამდეც „ქართული ოცნების“ მამოძრავებელი ღერძი იყო და ყველა პრინციპულ საკითხზე ის იღებდა გადაწყვეტილებას. ახლა საარჩევნო კამპანიაა და გადაწყვეტილების მიმღები პირის, პოლიტიკური უპასუხისმგებლობის პოზაში ყოფნა ძალიან სახიფათოა პოლიტიკური პროცესისთვის, ამიტომ მადლობელი ვარ, რომ ის გამოვიდა სცენაზე. იმედი მაქვს, რომ ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ არ იქნება ერთადერთი, ის გამოჩნდება საჯაროდ, მას ექნება კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან. ივანიშვილს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, პირადად პასუხისმგებლობის აღება ყველა იმ ქმედებებზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჩაიდენს“,- განაცხადა ხიდაშელმა.
კითხვაზე, რამდენად ხდის ბიძინა ივანიშვილს პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსი ანგარიშვალდებულს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს, ხიდაშელი პასუხობს, რომ იმ ცვლილებით, რომელიც პარტიის წესდებაში განხორციელდა, რეალურად ბიძინა ივანიშვილია პარტიის თავმჯდომარე და, შესაბამისად, ივანიშვილი იქნება პასუხისმგებელი ყველაფერზე, რასაც მმართველი პარტია ჩაიდენს.
„წესდებაში განხორციელებული ცვლილებით, ყველა მთავარ გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს და ყველა ნონსენსზე ეყოლება ხელის ბიჭად. ის გაუკეთებს დანარჩენ საქმეებს. შესაბამისად, ივანიშვილია პასუხისმგებელი ყველაფერზე, რასაც მმართველი პარტია ჩაიდენს“,- აღნიშნა ხიდაშელმა.
ამასთან, ხიდაშელმა კონკრეტულად პარტიის წესდებაში განხორციელებულ ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი ცვლილება არ არის ის, რომ ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენა შეუძლია, არამედ მას ერთპიროვნულად შეუძლია მოიწვის, როგორც პოლიტსაბჭოს სხდომები, ასევე პარტიის ყრილობა.
„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს სახელისუფლებო თანამდებობა არ აქვს, ის თანაბრად ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე. ყველაზე მთავარი უფლება ის კი არ არის, რომ პრემიერის წარდგენის უფლება აქვს, არამედ მას ერთპიროვნულად შეუძლია მოიწვის, როგორც პოლიტსაბჭოს სხდომები, ასევე პარტიის ყრილობა. ეს გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია პარტიულ-ლეგიტიმურად, იმისიც, რაც წესდებაში პირდაპირ არ ჩაიწერა. იქნება ეს საკადრო თუ პოლიტიკის განმსაზღვრელი“, – განაცხადა ხიდაშელმა.
ამასთან, ხიდაშელი თვლის, რომ მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს კრიზისად ვერ შეაფასებდა, რადგან „ქართულ ოცნებაში“ მხოლოდ ერთი სიმძიმის ცენტრია, სადაც „ყველას ზარქუას სახე“ აქვს.
„კრიზისს ვერ დავარქმევდი. როდესაც რეალური პოლიტიკური თანამდებობის პირები არ არიან გადაწყვეტილების მიმღებნი, მაშინ კრიზისები არ ჩნდება. კრიზისი ჩნდება მაშინ, როდესაც რამდენიმე ცენტრი ჩნდება და ამ ცენტრებს შორის არ არის კოორდინაცია. „ქართულ ოცნებაში“ ეს პრობლემა არ გვაქვს, იქ ყველას ზარქუას სახე აქვს, რომელსაც ჰგონია რომ მას აქვს ფუნქცია, ხოლო ბიძინა ივანიშვილს, რაღაც ფუნქცია წესდებით უნდა მიცეს. ამიტომ არ მგონია, რომ დღეს „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია, რადგან იქ ერთი სიმძიმის ცენტრია“,- განაცხადა ხიდაშელმა.
გარდა მმართველი გუნდის გარშემო მიმდინარე პროცესებისა, ხიდაშელმა ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია უნდა დაჯდეს საჭესთან, მათ უნდა დაიწყონ მანქანის მართვა, ხოლო „ქართული ოცნება“ მდევრის როლში უნდა იყოს.
„დღეს ქართული ოპოზიციის სიძლიერე მდგომარეობს იმაში, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მისცეს საშუალება საქმე ბოლომდე გააფუჭოს და ამ შემაკავებლის როლს ქართული ოპოზიცია წარმატებით ასრულებს. ოპოზიციამ ახალი ამბავი უნდა შექმნას. ჯერ კიდევ არის დრო, ცოტაა ძალიან, მაგრამ ჯერ კიდევ არის, რომ ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ერთობლივად, ჯგუფურად ახალი ამბების შექმნა დაიწყოს. ისინი უნდა დასხდნენ საჭესთან, მათ უნდა დაიწყონ მანქანის მართვა და „ქართული ოცნება უნდა იყოს მდევრის როლში. პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა უნდა დაიწყოს და „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუწიოს მდევრის როლში ყოფნა, ამ შემთხვევაში თავისთავად მოვა გამარჯვების განცდაც. როგორც კი გამარჯვების განცდა მოვა, გამარჯვება გარდაუვალია“,- განაცხადა ხიდაშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ