თინა ხიდაშელის ორგანიზაცია – „სამოქალაქო იდეას“ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასოდეს ჰქონია – მივმართავთ მიხეილ სარჯველაძეს, განმარტოს, რას ნიშნავს მისი მუქარა, რომ „არ შეეგუებიან ტაივანიდან ორგანიზაციის დაფინანსებას“

მტკიცებულებებისა და რეალური არგუმენტების უქონლობის პირობებში, „ქართულ ოცნებას“ სხვა იარაღი არ აქვს, გარდა პირდაპირი თავდასხმების, მუქარებისა და ტროლების საშუალებით ბინძური კამპანიის წარმოებისა, თუმცა ვფიქრობთ, კარგად იციან, რომ მსგავსი მეთოდებით ჩვენი შეშინება ან გაჩუმება შეუძლებელია, – ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“, მათი დამფუძნებლის, თინათინ ხიდაშელის მიმართ „ქართული ოცნების“ მიერ გამოთქმულ ბრალდებებს, ორგანიზაციის ტაივანიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „სამოქალაქო იდეას“ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასოდეს ჰქონია.
ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, „სამოქალაქო იდეას“ აქვს პარტნიორული ურთიერთობები ტაივანში არსებულ ორგანიზაციებთან და ეს საჯარო ინფორმაციაა.
„ჩვენ არ ვართ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არ აღიარების შესახებ პოზიციას; არასოდეს, არც „სამოქალაქო იდეას“ და არც თინათინ ხიდაშელს, ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და ასეთს ვერც ვერასოდეს მოისმენთ; არც თავდაცვის სამინისტროში აღარ ვართ და შესაბამისად, ის რომ თინათინ ხიდაშელს 8 წლის წინ წვდომა ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტებთან (რომელიც, სხვათა შორის, არანაირად არ არის კავშირში არც ტაივანთან და არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ვინაიდან მაშინ ისინი თავდაცვის სამინისტროს პარტნიორთა რიცხვში არ იყვნენ) შეუძლებელია დღეს, 8 წლის შემდეგ, ჩვენს საქმიანობასთან რაიმე კავშირში იყოს; ამ ფაქტის უკონტექსტოდ გახსენება პროპაგანდის სტანდარტულ მეთოდს წარმოადგენს; ჩვენ საგანმანათლებლო საქმიანობითაც ვართ დაკავებული და შეგვიძლია დაინტერესებული დეპუტატები ვამეცადინოთ „ერთი ჩინეთის პოლიტიკასა“ და „ერთი ჩინეთის პრინციპს“ შორის განსხვავებაზე, საქართველოს დასავლელი პარტნიორების პოზიციებზე და აღიარებებზე; დიახ, „სამოქალაქო იდეას“ აქვს პარტნიორული ურთიერთობები ტაივანში არსებულ ორგანიზაციებთან. ეს არც ტელეკომპანია „იმედს“ აღმოუჩენია და არც „რუსთავი 2“-ს. ეს ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე დევს სრულიად ღიად და საჯაროდ. ასევე, ჩვენს გვერდზე ამოიკითხავთ, რომ საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორი, რომელსაც 2023 წლის ოქტომბერში თბილისში ვუმასპინძლეთ და 30-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ, ტაივანის დემოკრატიის ფონდიც იყო, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩო დიდი ბრიტანეთის, ასევე, პოლონეთის საელჩოს, ვიშეგრადის ფონდთან, გერმანიის ფრიდრიხის ნაუმანის ფონდთან და NED-თან ერთად. მათი დაფინანსება კი შეადგენდა 5 ათას დოლარს. ასევე, ჩვენს გვერდზე დევს ინფორმაცია ტაივანში ჩვენი ვიზიტებისა და იქ, ჩვენს მიერ გამართული პანელური დისკუსიების შესახებ. რომ არ დაგზარებოდათ და ცოტათი მეტი წაგეკითხათ ჩვენს გვერდზე, აუცილებლად ნახავდით, რომ 2023 წლის დეკემბერში პირველად არ ვიყავით ტაივანში. თუმცა აქვე იმედი უნდა გაგიცრუოთ, რომ ტაიპეიში ჩვენ მიერ გამართული ღონისძიებებისთვის დაფინანსება ჩვენი ტაივანელი პარტნიორებისგან არ იყო და მას ამერიკული ორგანიზაცია აფინანსებდა. და ბოლოს, ასევე იქვე, ჩვენს გვერდზე ნახავდით, რომ ძალიან დიდ საერთაშორისო პროექტში ვმონაწილეობთ ჩვენს კიდევ ერთ ტაივანელ პარტნიორთან ერთად, სადაც „სამოქალაქო იდეას“, მისი ექსპერტების რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, მსოფლიოს 13 სხვადასხვა სახელმწიფოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ განხორციელებული საქმიანობის კვლევა და ანალიზი აქვს ჩაბარებული. შეცდომაა „ტაივანი გაფინანსებთ“, ვინაიდან განსხვავებით ჰოლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის და -ს მთავრობებისგან, სადაც „სამოქალაქო იდეას“ დაფინანსება საელჩოების, შესაბამისად, პირდაპირ ამ სახელმწიფოებისგან აქვს წლების განმავლობაში, ჩვენ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასოდეს გვქონია. ნამდვილად გვქონდა და იმედი გვაქვს მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ტაივანიდან, რომლებიც კერძო, დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და შესაბამისად, ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივების მოწონების შემთხვევაში, დაფინანსებასაც გამოყოფენ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაცია მიმართავს პარლამენტის დეპუტატს ს, განმარტოს რას ნიშნავს მისი მუქარა, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ შეეგუება ტაივანიდან ქართული ორგანიზაციის დაფინანსებას“.
„უკვე 7 წელია ფაქტებით, კონკრეტული დოკუმენტებით ვამხელთ ხელისუფლების კორუფციად საშიშ მოქმედებებს და ვამხელთ მათ ტყუილსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში. 1. ჩინური კომპანიები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება მრავალმილიონიან კონტრაქტებს უფორმებს მთელს მსოფლიოში რეპუტაციაშელახულია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შავ სიებში არიან. 2 ხელისუფლება ამაზე ამბობს, რომ ჩვენ ანტი სახელმწიფო საქმიანობით ვართ დაკავებული. არავითარი პასუხი სანქციადადებულ კომპანიებთან კონტრაქტებზე, მხოლოდ იარლიყების მოკერება. 2. 7 წელია ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, უარი ეთქვა ერთ ერთ ყველაზე სახელგატეხილ და რეპუტაციაშელახულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ურთიერთობაზე, ათობით მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვაცნობდით პრობლემებს, რომლებიც სხვა ქვეყნებს შეუქმნეს და ჩვენთანაც იქნებოდა, და ისევ, დასაბუთებული პასუხების ნაცვლად სულ „მტრები“ გვეძახეს, თუმცა შედეგი ზუსტად ისეთი დადგა, რაზეც ვაფრთხილებდით. 2024 წლის იანვარში ხელშეკრულების გაწყვეტა მოუწიათ „სინოჰიდროსთან“, თუმცა დაგვიანებით და არაკომპეტენტურად. კომპანიამ კი საერთაშორისო არბიტრაჟში გვიჩივლა, რაც უკვე დამატებითი მილიონ ნახევარი ლარი დაუჯდა ქვეყნის ბიუჯეტს. 3. ანალოგიური ვითარება გვაქვს კიდევ ერთ კომპანიასთან დაკავშირებით – „ბიურო 23“, რომელმაც გასული წლის ნოემბერში, ასევე გვიჩივლა საერთაშორისო არბიტრაჟში. ისევ და ისევ, რომ გაეთვალისწინებინათ ჩვენი რჩევები, დღეს ამ პრობლემებს თავიდან ავიცილებდით, ასევე საბიუჯეტო ხარჯების დამატებით ფლანგვას. 4. ასევე, 5 წელია რიკოთზე დაქირავებულ, სხვადასხვა კონტრაქტორებზე ვაფრთხილებდით, რამდენიმე ანგარიში გამოვაქვეყნეთ, სადაც ამ კომპანიების მიერ სხვადასხვა ქვეყნებში „საქმენი საგმირონი“ აღვწერეთ და დავასაბუთეთ. ვითხოვდით არგუმენტებს, რატომ, რის საფუძველზე გაუჩნდა ხელისუფლებას განცდა, რომ მაინცდამაინც აქ, საქართველოში განახორციელებენ საქმეს კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად, თუკი მათ თითქმის ყველა კონტინენტზე უჩივიან და ედავებიან. არ მოგვისმინეს, კვლავ „მტრები“ და „ანტი-სახელმწიფოებრივი“ გვეძახეს. შემდეგ დადგა 2023 წელი და ერთმანეთის მიყოლებით ხან მიწა, ხანაც მთა ჩამოგვეშალა სხვადასხვა სამშენებლო უბანზე, მორიგ ჯერზე რამდენიმე ათეული დამატებითი მილიონი დაუჯდა ბიუჯეტს და ახალი ტენდერი გამოცხადდა. ასეთი მაგალითი რამდენიმე ათეულია. სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ყველა ფაქტი და მტკიცებულება დადასტურდა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით და პოლიტიკის ცვლილებას მოვუწოდებდით. ბოლო დროინდელი ისტერიის წინ კი სრულიად უმტკივნეულო ფაქტები გამოვიტანეთ საზოგადოების სამსჯავროზე, რითაც ტყუილებსა და მანიპულაციაში ვამხილეთ. ჩვენ დავწერეთ, რომ მიუხედავად ხელისუფლების განუწყვეტელი დემაგოგიისა, საქართველოში ჩინეთის ინვესტიციები სრულიად მინიმალურია და ბოლო 10 წლის მანძილზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ხშირად ინვესტორების ათეულშიც ვერ ხვდებოდა მისი 2 ან 5 პროცენტიანი წილით საერთო საინვესტიციო კალათაში (ჩვენი ანალიზი მთლიანად საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა); ხოლო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ივლისში გამოცხადდა, სინამდვილეში სრულად პოლიტიკურია და რამდენად ხმამაღლაც არ უნდა იგინონ და ილანძღონ სხვადასხვა რანგის ოცნების ჩინოვნიკებმა, ეს მას თვალწარმტაცსა და დიდებულ ეკონომიკურ აღმავლობად ვერ აქცევს. დაბოლოს, ამ ივანიშვილის თუთიყუშებს მინდა ვურჩიო, სანამ ტერიტორიულ მთლიანობაზე ყელმოღერებულები სადმე ისარს გაისროდნენ, ჯერ იმ სტრატეგიულ განაცხადში ჩაიხედონ, სადაც რატომღაც რუსული ოკუპაცია საერთოდ „გამორჩათ“, ხოლო 3 შემდეგ გაეროში დევნილების რეზოლუციაზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხმის მიცემის შედეგები დაიზეპირონ. დარწმუნებული ვარ, მათ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს ამ თემაზე, და ძალიან გაოცებული დარჩებიან. სხვათა შორის, ჩვენ ამაზეც ვწერდით. რატომ გაბრაზდა პარლამენტის სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობა? რატომ ახლა, 2024 წლის იანვარში, როდესაც უკვე 7 წელია „სამოქალაქო იდეა“ ხელისუფლების ჩინურ კომპანიებთან სავარაუდო კორუფციულ კავშირებზე და უშუალოდ პრემიერის პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს. ამ კითხვაზე მარტივი პასუხია — ანაკლია. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ხელისუფლება, ანაკლიის პორტის ტენდერში, ჩინური კომპანიის გამარჯვების გადაწყვეტილებაზე მუშაობს. შესაბამისად, კარგად აცნობიერებენ უკმაყოფილების ტალღას, რომელსაც მსგავსი გადაწყვეტილება გამოიწვევს და მათი აზრით, პრევენციულ ზომებს ახორციელებენ. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ „სამოქალაქო იდეა“ ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 7 წელია, სწორედ სტრატეგიულ კორუფციაზე და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვაზე მუშაობს. შესაბამისად, ყველაზე კვალიფიციურ და დასაბუთებულ კრიტიკას სწორედ ჩვენგან ელიან. ჩვენს პოზიციებს ისმენენ და კითხულობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. შესაბამისად, დღეს ამზადებენ ნიადაგს იმისათვის, რომ კვალიფიციურ კრიტიკაზე პასუხად, ნაცვლად არგუმენტებისა „ტაივანის ლობისტები“ იძახონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ