ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ევროკომისიის მიერ დათქმული 9 პუნქტის შესრულებაზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრებენ

ორბელიანების სასახლეში, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.
როგორც თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე პრეზიდენტთან ევროკომისიის მიერ დათქმული 9 პუნქტის შესრულებაზე და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრებენ.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის 9 დათქმის შესრულება, ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. გვაქვს კონკრეტული ხედვა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ანტიკორუფციული ბიურო თუ სასამართლო რეფორმა, რომელსაც პრეზიდენტს გავაცნობთ. არსებობს კონსენსუსი ქვეყნის შიგნით ისევე, როგორც ქვეყნის გარეთ, რომ ივანიშვილის პარტია ამ დათქმებს არ შეასრულებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის „გამარჯვების კოალიციამ" წარადგინოს კონკრეტული ხედვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ასევე, საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დათქმები შესრულდეს და საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი",-განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, პრეზიდენტთან საუბრის ერთ-ერთი თემა ასევე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.
„რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას, რა თქმა უნდა, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ამაზე ჩვენ საჯაროდ ვსაუბრობთ, ამიტომ, არავისთვის გასაკვირი არ იქნება. რა თქმა უნდა, დახურულ შეხვედრაზე ამ თემაზე აუცილებლად გვექნება პრეზიდენტთან საუბარი. ეს არის თემა, რომელსაც ჩვენ პრეზიდენტთან მიმართებით დღის წესრიგში ვაყენებთ",-განაცხადა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.