თეონა აქუბარდია – ბარიერის დაწევა იყო „ქართული ოცნების“ დაპირება ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დროიდან მოყოლებული და არაერთი „გადაგდების“ სერია გვახსოვს „ქართული ოცნების“ მხრიდან

ბარიერის დაწევა იყო „ქართული ოცნების“ დაპირება ჯერ კიდევ ს დროიდან მოყოლებული და არაერთი „გადაგდების“ სერია გვახსოვს „ქართული ოცნების“ მხრიდან – „ქართულ ოცნებას“ არც ეუხერხულება მორიგ ჯერზე „გადაგდება“ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ ხალხის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჩანს, რომ მმართველი ძალა არც ახლა აპირებს საკუთარი დანაპირების შესრულებას, თუმცა ოპოზიციამ არსებული მოცემულობით უნდა იხელმძღვანელოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებას მიაღწიოს.
„ბარიერის დაწევა იყო „ქართული ოცნების“ დაპირება ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დროიდან მოყოლებული და არაერთი „გადაგდების“ სერია გვახსოვს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ბოლო იყო ასეთი შარლ მიშელის შეთანხმება და პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება 2%-იან ბარიერთან დაკავშირებით, ისევე როგორც ირაკლი კობახიძის დაპირება, რომ თუ სტატუსის გადაწყვეტილება იქნებოდა, ისინი ბარიერს დაწევდნენ. შესაბამისად, მათი მანიპულაცია, რომ არავინ არ სთხოვთ ბარიერის დაწევას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ისინი უარყოფენ საკუთარ პირობას და არც ეუხერხულებათ მორიგად „გადაგდება“ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ ხალხის, რადგან 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში, ნაკლები მოქალაქის ხმა იქნება ასახული პარლამენტში. ამ მოცემულობაში, ეს არც თუ ისე დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობია მრავალპარტიული პარლამენტის მიმართულებით. მაგრამ ჩვენ რა მოცემულობაც გვაქვს, ამ მოცემულობით უნდა შევძლოთ „ქართული ოცნების“ ძალაუფლებიდან გაშვება. ამისთვის კი აუცილებელია ძალთა გადანაცვლება, გაძლიერება, რამდენიმე ალტერნატიული ცენტრის გაჩენა. მიმაჩნია, რომ იმ პარტიების რესურსი, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, არ უნდა იქნას დაკარგული „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ“,- განაცხადა აქუბარდიამ.
მან დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაც შეაფასა და განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ აქამდე ეს გეგმა ოპოზიციისთვის გრიფით საიდუმლო იყო, მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნებას“ არ ჰქონია პოლიტიკური ნება ოპოზიციის ჩართულობით მომხდარიყო ამ გეგმის შემუშავება.
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია ამ გეგმით რატომ ხდება პარტიების კიდევ უფრო შეზღუდვა დაფინანსებასთან დაკავშირებით და რანაირად ემსახურება ეს დეოლიგარქიზაციას?! შესაბამისად, გეგმა ერთია და მისი აღსრულება მეორეა და მესამეა პოლიტიკური პარტიების შეზღუდვა დაფინანსების კუთხით, მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ არის ყველაზე მდიდარი პოლიტიკური პარტია და მისი დაფინანსების გზები არის საკმაოდ მახინჯი იმ ფორმით, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ კერძო კომპანიები მოქალაქეებს ავალებენ შემოწირულობები გაიღონ „ქართული ოცნებისთვის“, რაც, რა თქმა უნდა, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პოლიტიკურ პარტიებს ქვეყანაში და წინასაარჩევნოდ არც თუ ისე სამართლიან გარემოს ქმნის. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.