ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თემქის პოლიციასთან მშვიდობიან აქციაზე დემონსტრანტები სახის დაფარვის გამო დააკავეს

თემქის პოლიციასთან მშვიდობიან აქციაზე დემონსტრანტები სახის დაფარვის გამო დააკავეს

თბილისში, თემქის (ამჟამად ზღვისუბნის) პოლიციის შენობასთან მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეები დააკავეს - დაკავებები სახის ნიღბით ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ დაიწყო. სახის დაფარვა აქციებზე რამდენიმე კვირის წინ აიკრძალა „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით.
გლდანი-ნაძალადევის პოლიციის VII სამმართველოსთან მყოფი პოლიციელები დემონსტრანტებს ეუბნებოდნენ, რომ აქციაზე აკრძალულია სახის დაფარვა.
„მე არ ვემორჩილები მაგ აკრძალვას“, - უთხრა მათ ერთ-ერთმა მონაწილემ, რის შემდეგაც პოლიციელებმა მისი დაკავება დაიწყეს, თუმცა აქციის სხვა მონაწილეები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
ამის მიუხედავად, რამდენიმე წამში იგი, - კიდევ ერთ დემონსტრანტთან ერთად, - ძალის გამოყენებით დააკავეს.
დააკავეს აქციის სხვა მონაწილეებიც, მათ შორის ერთ-ერთს ასევე ეკეთა ნიღაბი, - რაოდენობა ჯერ დაუზუსტებელია.
პოლიციელების მიერ კარის მარჯვენა ფრთის გაღებისას კარის მინა ჩაიმსხვრა.
„სირცხვილია, გოგოები არიან“, - მოუწოდებდნენ პოლიციელებს აქციის მონაწილეები, თუმცა დემონსტრანტები მაინც დააკავეს.
ადგილზე ათობით პოლიციელი იყო.
დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე დემონსტრანტებთან პოლიციელები მივიდნენ დაჯარიმების მიზნით, რადგან სახეს ნიღბით იფარავდნენ. „მოხდება თქვენი დაჯარიმება“, - უთხრა მათ პოლიციელმა.
თუმცა, სოლიდარობის ნიშნად, პროტესტის სხვა მონაწილეებმაც დაიფარეს სახეები და დაიწყეს სკანდირება: „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“.
ამის შემდეგ პოლიციელები უკან გაბრუნდნენ, რამდენიმე წუთში კი დაბრუნდნენ და დაკავებები დაიწყეს.
აქცია, ლოზუნგებით „ძირს პოლიციური რეჟიმი“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - სარაჯიშვილის მეტროდან დაიწყო და მსვლელობა თემქის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებასთან მივიდა.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.