თემურ ჭყონია ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმელის აკრძალვას “ვიღაცის ახირებას” უწოდებს

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ ჭყონია ჰორეკა სექტორში პლასტიკის ბოთლებით სასმელის აკრძალვის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ პრემიერის “პრაგმატული” გადაწყვეტილების შემდეგ, მისთვის მოულოდნელია, რომ დღეს ისევ ამაზე უწევთ საუბარი.

ბიზნესმენი “ვიღაცის ახირებას” უწოდებს ახალ ნორმას, რომლის თანახმადაც კა­ფე­ებ­ში, რეს­ტორ­ნებ­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის სხვა ობი­ექ­ტებ­ში პლასტმა­სის ბოთ­ლით სას­მე­ლი აღარ გა­ი­ყი­დე­ბა.

  • “ის ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს მართავენ,  ვერც ფასებში, ვერც ტექნიკაში, ვერც ბაზრის მოთხოვნაში ვერ ერკვევიან,  ზოგადად კი, ასეთი რეგულაციების დაწესება პროფესიონალებთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია”– აცხადებს თემურ ჭყონია.

„ამასწინათ, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა არაჩვეულებრივი ინფორმაცია მოგვაწოდა იმასთან დაკავშირებით, რომ 4 წლით გადავადდა  პლასტიკის აკრძალვა, რაც უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას (და არა – შეზღუდვას) ითვალისწინებდა.  ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის გაუმჯობესების კუთხით  საგრძნობლად გაიზრდა. ჩვენ ახლა ვიწყებდით გარემოს დაცვის სამინისტროსთან ინტენსიურ და პროდუქტიულ პროექტებზე მუშაობას, რისთვისაც დღესაც მზად ვართ. ამასთან, ჩვენი კომპანია 10 წელიწადია ამ თემის გარშემო მუშაობს და დიდი გამოცდილება გვაქვს შეძენილი. მოხდა ისე, რომ ისევ წამოიწია თემამ, რომელიც თავის დროზე აკადემიკოსმა სულიკო პავლიაშვილმა წამოჭრა _ უნდა აიკრძალოს პლასტიკატი „საზოგადოებრივ კვებაში“. ეს სახელიც ჩემთვის  ძველი, ნოსტალგიური კომუნისტური სისტემის გადმონაშთია, ადრე ამას „ობშეპიტი“ ერქვა. ამ თემის ხელახლა წამოწევა ამ ადამიანის ახირება მგონია, მიზანი  და  შედეგი კი გაურკვეველია.  პლასტიკის ბოთლები გამოიყენება ზღვისპირა რესტორნებში, საზოგადოებრივი შეკრების ობიექტებში, ტურიზმში, სპორტში და ა.შ.  პლასტიკის  შექმნა  გათვლილი იყო ადამიანის მოხმარების სხვადასხვა ჩვევებზე და ის უსაფრთხო უნდა  ყოფილიყო. ქუჩაში შუშის ბოთლის მოხმარება გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება, ამასთან, ივლისიდან ზაფხულის ცხელი პერიოდი იწყება  და თუ გადახედავთ, ბევრ ქვეყანაში  გაყიდვების შეზღუდვის რეგულაციებიც კი მოხსნილია, ძლიერი სიცხეები სადაცაა, ქალაქის მერებიც კი აცხადებენ,  რაც შეიძლება მეტი წყალი გაიყიდოს  ადამიანის ორგანიზმის  დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) თავიდან ასაცილებლად. ამ გახურებული სიცხეების პერიოდში, ივლისში, რაღაც დეპარტამენტები ისევ შეზღუდვებს აწესებენ. წარმოგიდგენიათ, მაშინ, როცა მოთხოვნა-მოხმარება იზრდება, იზრდება აკრძალვები. ჩვენ სხვა რაღაცასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე გარემოს დაცვასთან, ეკონომიკასთან და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებასთან.  ამით ადამიანს უფლებებსა და  არჩევანს ვუზღუდავთ, მეორეც, არის სხვადასხვა ფასების სეგმენტები:  იაფფასიანი, საშუალო და პრემიალური კლასის პროდუქცია. ჩვენმა ბიზნესმა არაჩვეულებრივად იცის, რა სეგმენტში რა ღირებულების, რა შეფუთვის, რა ზომის პროდუქცია უნდა გამოუშვას,  პირველ რიგში, ადამიანის ჩვევები, მოხმარების გაადვილება, ფასებზე ხელმისაწვდომობა რომ გაითვალისწინოს. ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება და უფლება, აირჩიოს ის პროდუქცია, რომელიც მის მოთხოვნილებას, ჩვევებსა და ფასებს შეესაბამება. ამის რეგულირების უფლება არავის აქვს, ეს უკვე თავისუფლების შეზღუდვაა. მინის ტარის მოხმარება აუზებში,  ტურისტებისთვის, რომლებიც მთებში, ან ზღვის სანაპიროზე დადიან,  სახიფათოა. მინის ბოთლის მოხმარებას  თავისი წესი და ადგილი აქვს, პლასტიკს, შეფუთვების სიდიდეს, ფასების დალაგებას – თავისი წესი და ადგილი. ეს ყველაფერი შესწავლილი და სეგმენტირებულია მაღალ დონეზე. ბიზნესი არის მეცნიერება და ეს ამათ მაინც ვერ გავაგებინე, ამათი ცნობიერებიდან კომუნისტური მიდგომები ვერ ამოიძირკვა, ვერ შეიგნეს, რომ  ბიზნესი გაცილებით პრაგმატულად და მეცნიერულად უდგება მარკეტინგს, ვიდრე ვინმეს ჰგონია, ჩვენ ხომ ამაზე ვშრომობთ, ინვესტიციებს ვახორციელებთ, შესაბამისად, ვიცით, რისთვის ვაკეთებთ ამ ინვესტიციას. ზოგიერთები კი გვეუბნებიან, თქვენ რა ინვსტიციებსაც აკეთებთ, ჩვენ თქვენზე უკეთ ვიცითო.  პროფესიონალებთან კონსულტაციების გარეშე ასეთი საკითხების გადაწყვეტა არ შეიძლება. ჩემთვის მოულოდნელი იყო, პრემიერის პრაგმატული გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ ამ თემაზე რომ გვიწევს საუბარი. ეს ახირება მგონია, სხვა არაფერი”- აღნიშნავს ჭყონია.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნარჩენების მართვის მიმართულებითაც გვიზიარებს მის შეხედულებას.

  • მთავარი საკითხი  გადამუშავების ამოქმედებაა და გადამუშავების ახალ ინდუსტრია უნდა შეიქმნას, ვინაიდან  პეტს – პლასტიკს აქვს თავისი ღირებულება და ეს ფასეულობა უნდა ვაქციოთ ახალ ეკონომიკად სახელმწიფოში, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ახალი ქარხნები, რისთვისაც ინტენსიურად ვემზადებით“ – ამბობს ის.

„მეორე უმნიშვნელოვანესი მომენტია ნარჩენების შეგროვება. ყველაზე იოლი გზა პეტის შეგროვებაა, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ _ შევდივართ  ობიექტებში, ვაგროვებთ ტონობით პლასტიკის ბოთლებს და გამოგვაქვს. ვემზადებით უფრო მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. პირველ რიგში, შევინარჩუნოთ ის სწორი, პრაგმატული ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და რომელიც მთელ მსოფლიოშია, ასევე, შევინარჩუნოთ უდიდესი პროფესიონალები. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა გარემოს დაცვა, ამას ვერავინ გვასწავლის, ჩვენში გარემოს დაცვის თემა უფრო ძლიერადაა, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია – 10 წელიწადია უამრავი პროექტი გვაქვს გაკეთებული, ამიტომ ვართ ასეთი გაბედულები და ამაყები. ჩვენ გადამუშავების ახალ ინდუსტრიას შევქმნით იმიტომ, რომ  პეტს – პლასტიკს აქვს თავისი ღირებულება და ეს ფასეულობა უნდა ვაქციოთ ახალ ეკონომიკად სახელმწიფოში, რათა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიციები, ახალი ქარხნები (მინიმუმ 5 ქარხნის აშენება შეიძლება), ჩვენ ამისთვის  ინტენსიურად ვემზადებით. მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი კონსულტაციები შედეგს გამოიღებს და მოგვცემენ საშუალებას, ახალი ინდუსტრია შევქმნათ, ვიდრე ძველი დავანგრიოთ, ამისთვის ჯერ კიდევ  გვაქვს დრო.  იმედი მაქვს, ეს კონსულტაციები ნაყოფიერი იქნება – მივიღებთ იმ შედეგს, რაც სასარგებლო და ოპტიმალური იქნება სახელმწიფოსთვის, მომხმარებლისთვის და ბიზნესისთვის. მაინც მგონია, რომ ყველაფერი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია იმიტომ, რომ სხვა გზას ვერ ვხედავ“.

შეგახსენებთ, კაფეებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში პლასტმასის ბოთლით სასმელი აღარ გაიყიდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

რა იკრძალება 2026 წლის პირველი ივლისიდან:

  •  სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით პირველი ივლისიდან იკრძალება: საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის; ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.

2031 წლის პირველი თებერვლიდან აიკრძალება:

  • პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ, 14 აპრილს  გავრცელებულ ინფორმაციაში.