თეკუნა გაჩეჩილაძე - The National Geographic Traveller Food Festival-ზე ქართულ სტენდთან ნამდვილი ზეიმი იყო
შეფ-მზარეულის თეკუნა გაჩეჩილაძის განცხადებით, The National Geographic Traveller Food Festival-ის მსგავსი ფესტივალები საქართველოს პოპულარიზაციისთვის აუცილებელია.
გაჩეჩილაძე აღნიშნულით The National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს წარდგენას გამოეხმაურა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა.
„პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ ამდენი ხალხი ენთუზიაზმით გვისმენდა, სინჯავდა კერძებს. The National Geographic Traveller Food Festival-ზე ყველაზე ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან: სიმხიარულე, ფანტასტიკური ღვინო და კერძები, ნამდვილი დღესასწაული იყო. ასეთი ფესტივალები აუცილებელია საქართველოს პოპულარიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ხალხიდან 10 პროცენტიც რომ ეწვიოს საქართველოს, ამ ადამიანების ახლობლებიც აუცილებლად მოინახულებენ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა თეკუნა გაჩეჩილაძემ.
The National Geographic Traveller Food Festival-ზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ქართულ კერძებს და საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან ქვეყანას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.