ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თეთრი სახლი ადასტურებს 16 პატიმრის მათ შორის კურმაშევას, გერშკოვიჩის, უილანისა და კარა-მურზას გათავისუფლებას

თეთრი სახლი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის „პატიმართა დიდი გაცვლის“ პროცესში გათავისუფლდა 16 პატიმარი- მათ შორის ალსუ კურმაშევა, ივან გერშკოვიჩი, პოლ უილანი და ვლადიმირ კარა-მურზა.

თეთრი სახლისვე თანახმად, მალე პატიმართა გაცვლის შესახებ საგანგებო მიმართვას გააკეთებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა 1 აგვისტოს ანკარაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით დიდი გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდა ასევე ბელარუსში დაკავებული გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რუსი ოპოზიციონერი ილია იაშინი, და გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული “ეფესბეს” ოფიცერი, ვადიმ კრასიკოვი.
რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას, რომელსაც ორმაგი - რუსეთის და აშშ-ის - მოქალაქეობა აქვს, 19 ივლისს რუსეთის სასამართლომ 6,5 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბრალდებებისთვის, რომლებსაც ის, რადიო თავისუფლება, აშშ-ის მთავრობა და მისი მხარდამჭერები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

„ალსუ მიზანში ამოიღეს იმიტომ, რომ არის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც უბრალოდ შეეცადა რუსეთში მყოფი ოჯახის წევრისთვის მოევლო. მას ცუდი არაფერი ჩაუდენია და, ცხადია, არ დაუმსახურებია უსამართლო მოპყრობა და თავის საყვარელ ოჯახთან და კოლეგებთან იძულებითი განშორება“, - განაცხადა რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

"ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის", - იმეორებს რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტი და პირობას დებს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა "გათავისუფლდეს რადიო თავისუფლების სამი ჟურნალისტი, რომლებიც ბელარუსისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ციხეებში სასტიკ პატიმრობაში იმყოფებიან".
· რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ვლადისლავ ესიპენკო, თითქმის სამი წელია, ოკუპირებულ ყირიმში გისოსებს მიღმა იმყოფება რუსეთის ხელისუფლების მიერ შეთხზული ბრალდებით.
· თავისუფლების ჟურნალისტ იჰარ ლოსიკს 2021 წლის დეკემბერში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბრალდებებით, რომლებიც კვლავაც ბუნდოვანი რჩება. თავად ლოსიკი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
· იანვარში მის ცოლს, დარია ლოსიკს, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ექსტრემისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
· რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელ ანდრეი კუზნეჩიკს 2022 წელს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას ექსტრემისტული ფორმირების შექმნაში ედება ბრალი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.