თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს (ვიდეო)

თბილისში აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს –  გარდაცვლილია 30 წლის დაურ ბუავა. პოლიციამ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში  აღმოაჩინა.

გვიან ღამემდე დიღომში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. როგორც “პირველების” კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, ნაქირავებ ბინაში ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.

ადგილობრივების თქმით, კამერების ჩანაწერების მიხედვით, ბუავა 23 აგვისტოს შემდეგ სახლიდან არ გასულა. მეზობლები ვარაუდობენ, აფხაზი ბლოგერი 4 დღის გარდაცვლილია.

გუშინ დილით ჩემს ზემოთ მცხოვრებმა გოგონამ დაწერა, კორპუსში საშინელი სუნიაო. ყარდა აქაურობა, გაფუჭებული ხორცის სუნი იყო. გვეგონა რომ უეჭველი მაცივარი დარჩა და რამე გაუფუჭდაო. სამაშველო გამოვიძახეთ, მოვიდნენ და ბინაში დახვდათ გარდაცვლილი. ძირს ეგდოო. ძაან დასიებული ყოფილა. როგორ ჩანს უნდოდა დახმარების თხოვნა, მარა ვერ ითხოვა. შარშან გადმოვიდნენ ამ ბინაში, მეუღლესთან ერთად იყო, მერე დაშორდნენ. ბოლოს შაბათს დაწერა სამეზობლო ჩათში, ჩიპი მოგვიგლიჯეს და ეს ვინ გააკეთაო დაწერა”, – ამბობს მეზობელი. 

რა გახდა ახალგაზრდა ბლოგერის გარდაცვალების მიზეზი, ამას ახლა ექსპერტიზა დაადგენს. მომხდარზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

დაურ ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა. ის ტიკტოკზე 2021 წლის შემოდგომიდან აქვეყნებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზეთის მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და ა.შ.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურს ბუავასთვის „სახელმწიფოს ღალატის“ მუხლით ბრალი ჰქონდა წაყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!