თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს თბილისში, გურიაში, აჭარასა და კახეთში 20 პირი დააკავეს.

“პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთ-ერთი ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება  „მეთადონი“, „ალფა პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულთა ნაწილი სპეციალურად მოწყობილ სათბურში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 260-ე ტერცია, 261-ე, 262-ე, 265-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!