ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის – ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციის დეტალური პროექტირებისთვის. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონკურსის მიზანია შენობის სრული რეაბილიტაცია, მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებთან, საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია და ფუნქციური განახლება ისე, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს ფილარმონიის თავდაპირველი არქიტექტურული სახე.
„პროექტირების პროცესი აერთიანებს რამდენიმე ეტაპიან სამუშაოებს, მათ შორის უნდა ჩატარდეს კვლევითი და ესკიზური სამუშაოები, შემუშავდეს ძეგლის დეტალური სარეაბილიტაციო პროექტი და მომზადდეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შეიქმნას შენობის ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის გზამკვლევი; პროექტის მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს,ასევე, ავტორის ზედამხედველობა.
ფილარმონიის რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია:შენობის სასცენო დანადგარების კონსტრუქციის ექსპერტიზა და ადაპტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან;არსებული კომუნიკაციების დემონტაჟი და ჩანაცვლება მსუბუქი, ენერგოეფექტური სისტემებით; შენობის გეგმარების შეცვლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის არტისტების ოთახების განახლება, ლიფტების მოდერნიზაცია და უსაფრთხოების სისტემების დანერგვა.
გარდა ამისა, დაგეგმილია ფილარმონიის სრული ადაპტაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის; შენობის ფასადის, სახურავის, სხვენის და სცენის კონსტრუქციული გამაგრება და რესტავრაცია;აკუსტიკური სისტემების მოწყობა და დარბაზის ფუნქციური გაუმჯობესება; დეკორაციების ოთახისა და ტექნიკური სივრცეების მოდერნიზაცია;წყალმომარაგების, წყალარინების, გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების სრული განახლება.
პროექტის დასრულების შემდეგ, ფილარმონია კვლავ გახდება მრავალფუნქციური კულტურული სივრცე, რომელიც უმასპინძლებს მასშტაბურ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ პროფესიონალებს და ორგანიზაციებს, ჩაერთონ კონკურსში და თავიანთი გამოცდილებითა და ხედვით წვლილი შეიტანონ ისტორიული პროექტის წარმატებით განხორციელებაში“,- აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.