თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში საცობების პრობლემების მოგვარებაზე დასვეს შეკითხვები. ისინი დაინტერესდნენ, თუ რა გეგმა აქვს დედაქალაქის მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ასევე ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხია წინასაახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენება და მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. მათ საკრებულოში უმრავლესობის წევრებს მოუწოდეს, ყველა საკანონმდებლო წინადადება, რაც ამ საკითხებთან მიმართებით არსებობს, დროულად განიხილონ და მიიღონ.
ოპოზიციის წარმომადგენლებს საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ხელაძემ უპასუხა.
„მართლა გგონიათ, რომ საცობები, სატრანსპორტო სიტუაცია, რაც დღეს ქალაქშია, ვინმეს მოსწონს და ამაზე არავინ მუშაობს? ჩვენ დაწყებული გვაქვს ძალიან ამბიციური და მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა. დღევანდელი სიტუაციის გამოსასწორებლად ერთადერთი გზა არის ამ ყველაფრის ბოლომდე მიყვანა. თუ კერძო ავტომობილებზე დამოკიდებულება არ შემცირდა, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ განვითარდა, ახალი გზები არ მოეწყო და საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოეწყო, გამორიცხულია, ჩვენ შვებას ვერ ვიგრძნობთ. რაც შეეხება რაოდენობას, რა თქმა უნდა, საცობების პირველი გამომწვევი მიზეზი არის მანქანების რაოდენობა. ჯადოსნური ჯოხი არავის გვიჭირავს და ვერავინ გააფართოებს ამ გზებს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.