„თბილისის მშრალი პორტის“ პროექტი არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის სტრატეგიულია - სახელმწიფო მინისტრი

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი აჰმედ ბინ ალი ალ საიეღი ამბობს, რომ „თბილისის მშრალი პორტის“ პროექტი სტრატეგიულია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან, პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
მინისტრი „აბუ დაბი პორტს გრუპის“ (AD Ports Group) დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც თბილისში „მშრალი პორტის” პროექტის განხილვის მიზნით იმყოფება.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, ინვესტიცია შუა დერეფნის შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მან ასევე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა
„ეს არის სტრატეგიული პროექტი არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. პროექტის ფარგლებში ინვესტიციას ვდებთ საქართველოში, რათა დავრწმუნდეთ, რომ აზიის ევროპასთან დამაკავშირებელი შუა დერეფანი კარგად არის მომზადებული ტვირთის ნაკადისთვის და ჩვენი რეგიონი მეტად წარმატებული გავხადოთ. როგორც მოგეხსენებათ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც ამოქმედდა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი და ყველა სამუშაო, რომელსაც ლოგისტიკისა და ავიაციის მიმართულებით ვწევთ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ავიახაზები ყოველდღიურად დაფრინავენ თბილისში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სამი ქალაქიდან, გააგრძელებს ჩვენი სავაჭრო მაჩვენებლების ზრდას. საქართველოს, მისი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ დიდი ნდობა გვაქვს. გასული წლების განმავლობაში ყველამ ვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და ვპროგნოზირებთ, რომ ეს ზრდა გაგრძელდება, არაბთა გაერთიანებული საამიროების და საქართველოს ბიზნესები თანამშრომლობის მეტ გზებს გამონახავენ და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების გაძლიერება გაგრძელდება“,- თქვა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღიმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.