თამო კეშელავა: წმინდა მატრონე კი არა, ჩემი წმინდა გიორგი მინდა, ბოროტების განმგმირავი

“წმინდა მატრონე კი არა, ჩემი წმინდა გიორგი მინდა, ბოროტების განმგმირავი, ის მინდა, ვინც არასოდეს მისცემდა ბოროტებას უფლებას, მასზე დიდი ყოფილიყო, ის მინდა, ვინც არ დაჯდებოდა უქმედ, როცა ბოროტება თავზე დაადგებოდა, ის მინდა, ვინც არ დაარიგებდა და დალოცავდა ბოროტებას, მე მებრძოლი ერის შვილი ვარ, მე თევდორე მღვდლის შთამომავალი ვარ, ჩემი მღვდლები ომში მიდიოდნენ ქვეყნისთვის, აღმაშენებლის შთამომავალი ვარ და იმათ, ვინც ქვეყანას ჩუმად ყიდდა, უომრად, სარზე სვამდა, ჩემი ღმერთი მამამისის სახლიდან სავაჭრო დახლებს გარეთ ყრიდა, მე იაკობ ხუცესის შთამომავალი ვარ და შუშანიკსაც შეეძლო დაელოცა ვარსქენი და ტახტზე დამჯდარიყო, ჩემ მიწაზე აბოს და შუშანიკის სისხლი დაიღვარა, მე რუსთაველის შთამომავალი ვარ და როსკიპს როსკიპს ვეძახი და ამისი არ მრცხვენია, მე ილიას შთამომავალი ვარ ალექსანდრეს, ყაზბეგის და ვიცი რუსული ჩექმის მწარე ფასი და კიდევ უფრო მწარე ფასი რუსული მოფერების, მე ვაჟას შთამომავალი ვარ და სტუმართმასპინძლობა ვიცი, ოღონდ სტუმრის და არა მტრის…
სასწაულები გინდათ?
რა არის იმაზე დიდი სასწაული, გაღატაკებულ ქვეყანაში მღვდლების ნაწილი ფუფუნებაში იხრჩობოდეს?
ნიკორწმინდა და გელათი თავზე გვენგრეოდეს და ბერის დიდი ნაწილი ხმას არ იღებდეს?
რა არის იმაზე დიდი სასწაული მრავალშვილიან ოჯახებს პურის ფულიც რომ არ აქვთ და სანთლების საყიდელ ფულს მაინც გადაინახავენ ხოლმე?
რა არის ემიგრანტ ქალებზე დიდი სასწაული?
რა გინდათ მეტი სასწაული, ადამიანთა უმრავლესობა 500 ლარზე რომ მუშაობს ქვეყანაში და ფიწლებით არ დაგერიათ ჯერ კიდევ, სარებზე არ დაგსვათ ჯერ კიდევ, ამაზე დიდი სასწაულია რამე?
ასაკოვან ადამიანებს წამალი და შოკოლადი რომ აქვს სანატრელი და მაინც მომავლის იმედი აქვს, რა არის ამაზე დიდი სასწაული?
სასწაული არ არის წმინდა გიორგის ტაძრები დაგიკეტონ, ხუთჯვრიანი დროშის გაშლა აგიკრძალონ და ტაძარში შემსვლელი ტაძართან დახვრიტონ და არ იხუვლოს ერმა და ბერმა ისედაც გაჩუმებულს თავის მეტად დახრა ურჩიოს?
ყოველ დილით, ყოველ საღამოს, ყოველ დღე სასწაულში ვცხოვრობ, ყველა ის ადამიანი, ვინც ვერ დატოვა ქვეყანა, ყველა ის ადამიანი, ვინც დატოვა ქვეყანა და ვერ დაივიწყა, სასწაული ვართ, ხილული სასწაული, რადგან ჩვენ ჩვენი ნებით ვცხოვრობთ იმ პირობებში, რა პირობებშიც ვართ და არაფერს ვაკეთებთ გარდა მოთქმისა და ლოდინისა და არც ვიცი რის და ვის იმედად და მაინც, მაინც მგონია, რომ ამაოდ არ ჩაივლის ძალა ჩემი მიწის, სადაც ამდენი ოფლი და სისხლია ჩაპოხილი, ამაოდ არ ჩაივლის ძალა ქართული სიტყვის, სადაც “ყოველი ტოტი და ტოტის ტოტი და ტოტის ტოტის ტოტი ყოველი საქართველოთია სოველი…” და არც გელათი და ნიკორწმინდა დგანან ჯიუტად ამაოდ!
შობას გილოცავ, საქართველო, 25 დეკემბერს ბეთლემში დაბადებულ ყრმას გილოცავ ჩვენ გულებში!
ჩვენ გულებში დაიბადა სიკეთედ, თავისუფლებად და სიყვარულად და ესაა ის, რისთვისაც ვიბრძოდით, ესაა ის, რისთვისაც ღირს სიცოცხლე და რისთვის სიკვდილსაც ფასი აქვს!”, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ