თამო კეშელავა: თუ მას ეს კითხვები არ გაუჩნდა – სამწუხაროდ, დაგვიანებულია…

არ არის ჩემი მეგობარი, მეტიც, თანამოაზრეც ვერ ვარ მისი, ან, რანაირად ვიქნები, არც ერთი ბიბლიოთეკისთვის არაფერი გამიკეთებია, არც ერთ სოფელში ჩამიტანია წიგნი, არც ერთ სხვა ქვეყანაში ჩამიტანია ქართული სიტყვა, ის უფრო შეიძლება იყოს რიგ საკითხებში ჩემი თანამოაზრე.
მომწონს, როგორც წერს, მომწონს რასაც აკეთებს, მომწონს, როგორც საუბრობს ტკივილზე, გამარჯვებაზე შიშების, როგორ ყვება საკუთარ თავში საკუთარი თავის დამარცხებაზე ან გამარჯვებაზე მორიგეობით, თუ ერთდროულად…
მომწონდა, როცა აქციებისას, ჩვენ შვილებს ეუბნებოდა, რომ თუ დასჭირდებოდათ მათთვის ღია იქნებოდა ეროვნული ბიბლიოთეკის კარი, ისე ახერხებდა ხალხის გვერდით დადგომას, რომ პოლიტიკურ განცხადებაშიც ვერ დადებდი ბრალს, ისე ირჩევდა ხალხის მხარეს, ისე ბუნებრივად და ადამიანურად, რომ პოლიტიკა დაგენახა ამის უკან, რთული იყო, და მაინც დაინახეს, ხალხის არჩევის უკან, მაინც რაღაც საშიში დაინახეს.
გიორგი რომ არ დაიკარგებოდა, ვიცოდი, რა დაკარგავდა და ვინ, ერთი რაც მაწუხებს მისი დაწყებული საქმეეები, ბევრი და მთავარი – წიგნების და სიტყვების ჩატანა საქართველოს თუ მსოფლიოს ქალაქებში, იქედანაც მოჰქონდა სიტყვები, ასე მგონია და ნელ-ნელა უკან დააბრუნებს წიგნად და პერსონაჟებად.
ვიღაცამ გაიფიქროს იქნებ, მაგ პროექტებს გააგრძელებს ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელიო, არ მქონდა იმედი, მაგრამ მეც ველოდე 5 დღე.
ხო, 5 დღე ბიბლიოთეკამდე მისასვლელადაც ცოტაა.
5 დღე ძალიან ცოტაა პროექტების გასაგრძელებლად, კი.
მაგრამ…
5 დღე ძალიან, ძალიან დიდი დროა სიჩუმესთვის.
5 დღე უზომოდ დიდი დროა კითხვის არდასასმელად.
თუ ბიბლიოთეკის ახალ ხელმძღვანელობას არ აქვს კითხვა, რატომ გაუშვეს გიორგი, ნუთუ მართლა მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც თქვეს, კარგი იყო, მაგრამ ბევრი, კარგი იყო, მაგრამ დიდხანს იყო კარგი, დიდხანს, ასე 11 წელი და მოქმედი პროექტები მხოლოდ ამიტომ მიატოვებინეს?;
თუ არ აქვს კითხვა, რანაირად, როგორ ეძებდნენ მის შემცველს ისე, რომ არც კი გააფრთხილეს? რამდენად ადამიანურია, რა წამშიც გაათავისუფლეს, იმ წამს რომ გახდა ცნობილი, თურმე, უკვე დანიშნული ჰყავთ სხვა, მის, ჯერ არ გათავისუფლებულ ადგილზე?;
თუ არ გაუჩნდა კითხვა, რა იგულისხმეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როცა თქვეს, რომ გიორგი მათ აზრებს ეწინააღმდეგებოდა? მაინც რა? ხალხის არჩევა? ხალხის გვერდით დგომის სურვილი? ხალხის დახმარების სურვილი?
თუ მას ეს კითხვები არ გაუჩნდა – სამწუხაროდ, დაგვიანებულია…
თუ გაუჩნდა ეს კითხვები და ვერ ან არ დასვა, – მეტად დაგვიანებულია.
დაგვიანებული გახდება ის პროექტებიც, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკას უნდა დაესრულებია.
დაგვიანდება წიგნის ჩატანაც და სიტყვის წამოღებაც.
დაგვიანდება, კიდევ ერთხელ, სამართლიანობაც…
ადამიანობაც…
რაც დაჩქარდება, დაჩქარდება პოლიტიკის შეყვანა იქ, სადაც არ უნდა შესულიყო…
ნაადრევია ასევე, მყისიერი, წამიერი თანხმობა, კითხვის დასმის, დაფიქრების გარეშე, მაშინვე დავთანხმდიო, თითქოს არც პასუხისმგებლობა ახლდეს, არც მოვალეობა, თავისი თავისთვის მაინც უნდა მიეცა დრო, თავის თავს მაინც როგორ არ დაუსვა კითხვა.
ნაჩქარევია ნათქვამი, შეუცვლელი ადამიანები არ არსებობენო, ტყუილია ეგ, მოხსნილი ადამიანები არსებობენ, მოკლული ადამიანებიც არსებობენ, რეპრესირებული ადამიანებიც არსებობენ და შეუცვლელი ადამიანებიც არსებობენ, კი…
და გიორგის ახლა მეტი შრომა მოუწევს, რადგან მან უკვე მარტომ, პირადი რესურსით, მეგობრების, თანამოაზრეების დახმარებით უნდა სცადოს იმ პროექტების გაგრძელება, რომელიც ბიბლიოთეკის რესურსით დაიწყო და თან სამუშაომ, წერამ და ახალმა პროექტებმა არ უნდა დაავიწყოს ძველ პროექტებზე დარდი და შრომა.
და ეს 5 დღე, სანამ იმედი მქონდა, სულ მცირე, რომ ერთ კითხვას მაინც დასვამდა ახალი ხელმღვანელი, კიდევ ერთი კითხვა მჭამს, გაბედავს ხალხის მხარეს დადგომას, ისე, თითქოს არ არსებობს პოლიტიკა და შუშის სასახლე, სადაც მისი ნაქები და მისი ძმის ნალანძღი კაცი ზის?
გაბედავს, აქციისას, ღამე ათიოს ბიბლიოთეკაში და საჭიროების დროს ჩვენ შვილებს კარი გაუღოს?
ფანჯრის ჩუმად გახსნას, ფარდის გადაწევის გარეშე, გაბედავს?
ესენი მაწუხებს, თორემ, გიორგის რა ჭირს ჩემი სანუგეშებელი, ამ დასაცავი, მით უფრო, რომ მეგობარიც კი არ არის ჩემი, არც კი ვიცნობ, ეჰ, თანამოაზრეც ვერ ვიყავი ვერც ერთხელ, თავად უფრო იყო ხოლმე ჩემი თანამოაზრე, ზოგჯერ, სტრიქონებს შორის – თანაზიარიც…”, წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.