ჟურნალისტი თამო კეშელავა:
გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით და ფქვილით, ხანაც სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!
შენნაირებს უფასოდ არაფერს არ უკეთებენ ეგეთ ქვეყნებში, უბრალოდ, ცოცხალ ადამიანებზე დადიხართ 42 კილო ბარგის ფულის სანაცვლოდ, ერთი ქილა ლუდის ფულის სანაცვლოდ, ერთი დაფა სუშის ფულის სანაცვლოდ, ერთი ბრენდული მაისურის ფულის სანაცვლოდ და კარგად იცით, რომ ვისაც შია, ვისაც წამალი არ აქვს, ვისაც ოთახიც არ აქვს საკუთარი, არათუ ვილა, ვისაც ერთი წყვილი ფეხსაცმელიც არ აქვს მთელი იმათგან ამოიღებენ ერთი-ორად, ხანაც ერთი-ოთხად და გოგია უიშვილებიც მრავლად გვყავს უკვე.
ყველაზე საშინელი ისაა, რომ გაქვთ შენ და შენნაირებს შესაძლებლობა – გადაიხადოთ, სხვებსაც გადაუხადოთ, შეარჩიოთ ყველაზე დაღონებული ადამიანი იმ აეროპორტში, ვისაც მართლა არ აქვს 2 კილო ბარგის გადასახდელი ფული და გადაუხადოთ, იმ მესაზღვრეს სელფის გამო კანონის დარღვევა კი არ მოსთხოვოთ, პირიქით, დაეხმაროთ, და მაინც ამ გზას ირჩევთ, რაიკომის მდივნის, კოლმეურნეობის თავმჯდომარის, ფულიანი მათხოვრის, არაჯელტმენი, არასინდისიერი, არაპატიოსანი დენდის, ოფიციალური ქურდის და კანონიერი კანონდამრღვევის.
უნდა გეამაყა იმ ფრანგი მებაჟით, ვინც ერთი კილო ბარგის ფული დაგამატებია.
მადლიერი უნდა იყო საფრანგეთის, რომელმაც შენი ღატაკი სამშობლოდან არაერთი ადამიანი შეიფარა, არაერთს უმკურნალა უფასოდ და გადაარჩინა სიკვდილს, სანამ შენ ბარგის ფულს ყულაბაში იკუჭავდი.
უნდა შეგრცხვენოდა, მიწა გამისკდესო, უნდა გეფიქრა, შენთან სელფის გამო, ირანელი მებაჟე რომ კანონს არღვევდა!
რაღაი “გაიშნიკი” და რაღაი მესელფე მებაჟე.
ის “გაიშნიკიც” არ იღებდა შენნაირებისგან ფულს, ის “გაიშნიკიც” მერე მიდიოდა გამწარებული და ღატაკს ართმევდა ერთი-ორად, შენს გადასახდელსაც და სხვის გადასახდელსაც…
ბოლო ლუკმით, ბოლო კაპიკით, ბოლო წვეთი სისხლით, სიცოცხლით იღებენ ეგეთ ქვეყნებში შენნაირების რჩენის ფულს!
ჩვენი გზა ასეთი არაა, კი.
ჩვენი გზა სხვაა.
ვერ გაიგებ, ბიჭი, შენ, რომელია, როგორი და რატომ.
შენ ფულის სუნით ხარ გაჟღენთილი და ფული კარგია, სანამ შენ ხარჯავ, აი, შენს ხარჯვას რომ იწყებს ფული, მერე პატარავდები.
როგორც ბაბუაჩემი იტყოდა, კაცმა უნდა ჭამოს ფული, თორემ, ფულმა თუ შეჭამა კაცი, ცოდოა ისეთი კაცი, კაპიკია ეგეთი კაცის ფასი, მიუხედავად იმისა, რამდენი 42 კილო ბარგის ფულს გადაინახავს ბალიშის ქვეშ…




