თაკი მუმლაძე: მესმის, რაოდენ ტრაგიკომიკურია ჩემგან ამ თემაზე სტატუსის წერა დღეს, როცა ვხედავთ, როგორ მოგუდულად გამოეხმაურა სახელმწიფო ოთარ იოსელიანის გარდაცვალებას

“ჩემი პასუხი კინოცენტრს – სტატუსი “გონივრული ეჭვების” ამბავზე
თავიდანვე უნდა ვთქვა რომ მესმის, რაოდენ ტრაგიკომიკური და შესაძლოა თავხედურიცაა ჩემგან ამ თემაზე სტატუსის წერა სწორედ დღეს, როცა ვხედავთ, როგორ მოგუდულად გამოეხმაურა სახელმწიფო ქართული კინოს უდიდესი ფიგურის, ს გარდაცვალებას – როგორც იურისტები იტყოდნენ, „გონივრული ეჭვით“ ამ მოკრძალებული და მხოლოდ ფორმალური რეაგირების მიზეზი ბატონი ოთარის პოლიტიკური, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შეხედულებები იყო. ჩემი ისტორია ამასთან მოსატანიც არაა – თუმცა მაინც ერთიანი, საგანგაშო პროცესის ნაწილი მგონია და ამიტომაც ვყვები სწორედ დღეს.
EFP EUROPEAN SHOOTING STARS არის ერთ -ერთი წამყვანი პროგრამა, რომელიც მსახიობებს ეხმარება გზის გაკვალვაში საერთაშორისო ასპარეზზე. ამ პროგრამაში საქართველოდან უკვე მონაწილეობდნენ ნიჭიერი მსახიობები, ირაკლი კვირიკაძე და ლევან გელბახიანი ❤ ეს შესაძლებლობა ჩემთვისაც გაჩნდა ფილმით, რომელიც მეგობრებმა უბიუჯეტოდ, სამზარეულოში ❤ გადავიღეთ – სურათით „ჩემი ოთახი“. ამ ფილმში შესრულებულმა როლმა, მათ შორის, მომიტანა „საუკეთესო მსახიობი ქალის“ პრემია კარლოვი ვარის საერთაშორისო ფესტივალზე – და ასევე მომიტანა პერსპექტივა და დაპირება 2023 წელს მე ვყოფილიყავი Shooting Stars-ის მონაწილე საქართველოდან.
პირველ ჯერზე უეცრად გაუგებარ საკანონმდებლო წინაღობებს გადავაწყდით – გაირკვა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონი პარლამენტმა აღარ დაამტკიცა და, არსებული წესებით, საქართველომ დაკარგა უფლება ყოფილიყო ევროპული კინოს ოჯახის წევრი. შესაბამისად, Shooting Stars-ში მონაწილეობის უფლება დავკარგე მეც – მაშინ ჩემი აპლიკაცია უკან დააბრუნეს. თუმცა, კინემატოგრაფის სფეროში მომუშავე ადამიანების დიდი ძალისხმევით ეს წინაღობა გარკვეული დროის შემდეგ მოიხსნა და ხელახლა გაფორმდა კონტრაქტი საქართველოსა და EFP-ის შორის.
კანონის მიხედვით, ჩვენს ფილმს – რომელიც 2022-23 წლებშია შექმნილი – 2024 წელს აღარ შეეძლო მონაწილეობა Shooting Stars-ის პროგრამაში. თუმცა, პროცესში კოლეგების მუდმივი ჩართულობით,ნინო კირთაძე – ევრიმაჟში საქართველოს მაშინდელი წარმომადგენელი – კანის ფესტივალის დროს გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით და ამ პროგრამის მესვეურებს სთხოვა გამონაკლისი დაეშვათ და კიდევ ერთხელ დაერთოთ ჩემთვის მონაწილეობის უფლება. და ეს უდიდესი შანსი მართლაც მომეცა მეორედ, ჩაითვალა, რომ ბიუროკრატიული თუ პროცედურული ლაბირინთების გამო ეს შესაძლებლობა არ უნდა დამეკარგა – და გამონაკლისი დაუშვეს. ოფიციალური წერილი, რომელიც ნინომ EFP-დან მიიღო, მან კინოცენტრსაც გააცნო. მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავით, Nino ს მიმართ ჩემს მარადიულ მადლიერებას კი ალბათ სიტყვებით ვერასოდეს გამოვხატავ. ❤
Shooting Stars-ზე 2024 წლის კონკურსანტების მიღება როგორც კი დაიწყო, კინოცენტრს მაშინვე მივმართე იმეილით, და ასევე შევახსენე იმ წერილის შესახებაც, რომელშიც ჩემთვის გამონაკლისის დაშვებაზე იყო საუბარი. კინოცენტრი დუმდა. კიდევ რამდენიმე მეილი გავუშვი – მაგრამ პასუხი არც ერთზე მიმიღია.
პარალელურად, კინოცენტრის გარშემო ვითარდებოდა დაძაბული პროცესები, დაიწყო ბოიკოტი – დირექტორის დანიშვნის წესის, კინოცენტრში ხელისუფლების პროპაგანდისტი ფიგურების დანიშვნის, კინოს და, ზოგადად, ხელოვნების მიმართ ცენზურის სიგნალების გახშირების, თუ „აგენტების“ შესახებ მართალია ვერმიღებული, მაგრამ უაღრესად მავნებლური კანონის გამოძახილის გამო. ამ აქციებში და შეხვედრებში მეც აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას. ამდენად, მეც ვარ პროტესტის გამომხატველ კინემატოგრაფისტების ჯგუფში, რომლებსაც კულტურის მინისტრი „პუდელებად“ და „ტაკიმასხარებად“ მოიხსენიებს ხოლმე.
ორი დღის წინ გავიგე, რომ ჩვენი ორწლიანი ბრძოლა და ოცნება დასრულდა – Shooting Stars-ზე კინოცენტრმა სხვა მსახიობი, სალომე დემურია წარადგინა. სალომეს გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს ამ საოცარ და პერსპექტიულ გზაზე. თუმცა ამ კანდიდატის წარდგენა კინოცენტრს თავისუფლად შეეძლო მომავალ წელსაც – რადგან იმ ფილმის პრემიერა, რომელშიც სალომე თამაშობს, ჯერ არც კი გამართულა. მე კი ჩემამდე დიდი ძალისხმევისა და გამონაკლისის დაშვებით მოსული ეს შესაძლებლობა დავკარგე – როგორც იურისტები კვლავ იტყოდნენ, „გონივრული ეჭვით“ ჩემი პოლიტიკური პოზიციისა თუ აქტივიზმის გამო.
კინოცენტრი ერთ დღეს ალბათ მართლაც გახდება დამოუკიდებელი ინსტიტუტი – და ჩვენ, ყველანი, პოლიტიკური თუ იდეოლოგიური შეხედულებების განურჩევლად, ერთად ვიმუშავებთ კინოსთვის და კინოში. ოდესმე დადგება დღე, როცა კულტურის მესვეურები ხელოვანს პოლიტიკური პოზიციის გამო „მტრად“ და „აგენტად“ აღარ აღიქვამენ – და პირიქით, გზა კრიტიკულ და მრავალფეროვან აზროვნებას გაეხსნება. ამ დღემდე – სამწუხაროდ – ჯერ ძალიან შორია, თუმცა ერთმანეთი გვყავს და სოლიდარობაა მთავარი.
❤ უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ხართ, ვინც მეხმაურებით – ამ დღეებშიც და უწინაც. ყველა სიტყვა ძვირფასია ჩემთვის. ❤
წინ კიდევ ბევრი წინაღობა და გამარჯვებებია.
წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ