თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ის, რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, 1937 წლისთვის და სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „უმახინჯესი ცინიზმია“ ის განცხადება, რაც პენიტენციურმა სამსახურმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გააკეთა.

„უდიდესი ბოროტებაა ის, რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება. პათოლოგიური გაჯიუტება, რომ პოლიტიკურ პატიმრებად აიყვანო ადამიანები, შემდეგ მათ დაუნგრიო ჯანმრთელობა, ფსიქიკა, არის ჩვეულებრივი ტერორის კაპანია, რომელსაც არავითარი რაციონალური არჩეული არ აქვს. დარწმუნებული ვარ, ამას „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერისთვისაც კი, არავითარი რაციონალური სარჩული არ აქვს. ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე. უმახინჯესი ცინიზმია ის განცხადება, რაც პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა, თითქოს ასეთი შეიყვანეს. ანუ, საქართველოში არსებობს სასამართლო, რომელიც არ ითვალისწინებს [გარემოებებს] და აბსურდულ დანაშაულზე, ფლომასტერით ბანერზე რაღაცის მიწერაზე, აუცილებლად უნდა იყოს 1-წლიანი პატიმრობის სასჯელი ადამიანისთვის, რომელსაც ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს?! ამას ამბობს პენიტენციური სამსახური, რომ სასამართლომ ეს დაუშვა?! ეს არის 1937 წლისთვის და სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტება, რაც ხდება ელენეს თავზე,“ – განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და აღნიშნა, რომ „ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის, სამედიცინო სერვისით“. მათივე ინფორმაციით, ხოშტარია კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. მას ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ კვლევა.