თავდაცვის მინისტრმა პირველი ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფის დაარსების დღე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 32 წელს აღნიშნავს. ღონისძიება გორში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ჩატარდა. პირად შემადგენლობას პირველი ბრიგადის იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცა.
სიტყვით მიმართვისას ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებისთვის ქვედანაყოფის მნიშვნელოვან როლსა და ბრიგადის ისტორიაზე ისაუბრა. „ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბრიგადის შესაძლებლობები, განვაახლოთ ინფრასტრუქტურა და ავამაღლოთ თითოეული სამხედრო მოსამსახურის სოციალური უზრუნველყოფის დონე“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ბრიგადის დაარსების დღესთან დაკავშირებით პირადი შემადგენლობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურეობრივი საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით – სამშობლოსათვის თავდადებული“, ,,გენერალი კვინიტაძე“, ,,გიორგი ანწუხელიძე“ და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.
პირველი ქვეითი ბრიგადის იუბილის აღნიშვნის შემდეგ ქვედანაყოფში დაღუპული,
დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ბავშვებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დამდეგი შობა-ახალი წელი და ნიკოლოზობა მიულოცა და მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.
პატარებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც პატარებს თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრები დაურიგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში