თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის გენერალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკის, სტრატეგიისა და შესაძლებლობების დირექტორს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა გენერალ-მაიორ დანიელ ლასიკას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვანი წვლილი.
თავდაცვის მინისტრმა და გენერალ-მაიორმა დანიელ ლასიკამ საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი დანიელ ლასიკა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი