ზურა სიხარულიძე: ერთი რამ სრულიად ნათელია: რამდენიმე დღეში ექიმს რადიო თავისუფლებას სტატიის შემდეგ აკავებენ — თან ეს ყველაფერი იმ მახინჯ კანონთან და რეგულაციებთან არის დაკავშირებული, რომლებიც ექიმებსა და პაციენტებს პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს

ნარკოლოგი, პარტია “ფედერალისტები”-ს ერთ-ერთი ლიდერი ზურა სიხარულიძე:
ახმეტაში ექიმი ფსიქოტროპული პრეპარატების გამოწერის გამო დააკავეს.
საქმის დეტალები არ ვიცი და სამართლებრივ შეფასებაში ვერ შევალ — ამას სასამართლო და გამოძიება დაადგენს. მაგრამ ამ სასამართლოს დიდი იმედი რა თქმა უნდა არ მაქვს სამწუხაროდ
მაგრამ ერთი რამ სრულიად ნათელია:
რამდენიმე დღეში ექიმს რადიო თავისუფლებას სტატიის შემდეგ აკავებენ — თან ეს ყველაფერი იმ მახინჯ კანონთან და რეგულაციებთან არის დაკავშირებული, რომლებიც ექიმებსა და პაციენტებს პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს.
ეს უკვე მხოლოდ ცალკეული საქმეების საკითხი აღარ არის. ეს სისტემური პრობლემის შედეგია.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისიც, რომ ამ თემაზე საუბრისას ხშირად ჩნდება კითხვები ფარცხალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების მონაწილეობასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ეს არ არის უმნიშვნელო დეტალი — პირიქით, სწორედ ეს საკითხი უნდა გამოიკვლიონ შესაბამისმა უწყებებმა და პასუხი გასცენ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს. თუ წლების განმავლობაში არსებობდა ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო ან არასწორი ბრუნვის პრობლემა, უნდა დადგინდეს, ვინ ქმნიდა ამ სისტემას, ვინ აკონტროლებდა მას და ვის ეკისრება პოლიტიკური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოში დამოკიდებულებასთან ბრძოლა რატომღაც ექიმებთან ბრძოლად აქციეს.
რა გააკეთეთ იმის ნაცვლად, რომ პაციენტებისთვის რეალური ალტერნატივა შეგექმნათ?
14-დღიანი რეცეპტი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ პრეპარატებს წლებია იღებენ.
შემდეგ — ახალი კონსულტაცია, რომელიც ზოგ შემთხვევაში 100–140 ლარი ღირს.
და თუ ექიმი არ მოერგო ამ მახინჯ სისტემას — დასჯა, დაშინება და სამაგალითო რეპრესია.
მაგრამ სად არის პაციენტის მკურნალობის ალტერნატივა?
სად არის ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისები?
სად არის ექიმისთვის მკაფიო კლინიკური პროტოკოლი?
სად არის ეტაპობრივი ჩანაცვლების, უსაფრთხო მოხსნის და ხანგრძლივი მკურნალობის რეალური მექანიზმი?
პაციენტს, რომელიც წლებია დამოკიდებულია კონკრეტულ პრეპარატზე, უბრალოდ 14-დღიანი რეცეპტი კი არ უნდა მისცე და შემდეგ ქუჩაში არ უნდა დატოვო. მას უნდა შესთავაზო მკურნალობის უსაფრთხო, სამედიცინო და ადამიანური გზა.
წლების განმავლობაში საქართველოში ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები არსებობდა. ამ სისტემის შექმნაში სახელმწიფოს პოლიტიკასაც თავისი პასუხისმგებლობა აქვს. თუ წლების განმავლობაში არსებობდა უკანონო ან არასწორი ბრუნვის პრობლემა, უნდა გაირკვეს ვინ ქმნიდა ამ სისტემას, ვინ აკონტროლებდა მას და რატომ ვერ შეიქმნა დროულად ეფექტური მექანიზმი.
არ შეიძლება დღეს მთელი პასუხისმგებლობა ექიმებს გადააბარო.
მით უმეტეს მაშინ, როდესაც პრობლემის მოგვარების ნაცვლად პაციენტს არჩევანს პრაქტიკულად მხოლოდ ორ გზას უტოვებ:
ან გადაიხადოს ძვირი კონსულტაციები და ყოველ ორ კვირაში ახალი რეცეპტი ეძებოს, ან წავიდეს შავ ბაზარზე.
ეს არის ყველაზე საშიში შედეგი.
როდესაც ლეგალურ, სამედიცინო კონტროლს მიღმა არსებული მოთხოვნა იზრდება, შავი ბაზარი ძლიერდება.
და მერე იგივე სახელმწიფო გამოვა და იტყვის:
„ნახეთ, რამდენი ნარკოტიკი ამოვიღეთ!“
ეს წრე უნდა დასრულდეს.
დამოკიდებულება არ იკურნება ექიმების დაჭერით.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ გვარდება რეპრესიით.
პაციენტის დაცვა არ ნიშნავს მისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.
თუ კონკრეტულმა ექიმმა კანონი დაარღვია — ამას სასამართლო დაადგენს და კანონის შესაბამისად უნდა აგოს პასუხი. მაგრამ არა იმ
მახინჯ სისტმაში რომელიც რეჟიმა შექმან საკუთარი დანაშაულების დასაფარათ !!!
მაგრამ სისტემის ჩავარდნა ექიმების დასჯით ვერ გამოსწორდება.
საჭიროა არა კიდევ ერთი მახინჯი ბრძანება, არამედ სრულიად ახალი სისტემა — პაციენტის უფლებებზე, თანამედროვე ადიქტოლოგიაზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობაზე და ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე აგებული.
ეს სისტემა უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს.
სხვაგვარად თქვენ არ ამცირებთ პრობლემას —
თქვენ ქმნით პირობებს, რომ პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდეს და შავი ბაზარი კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა