მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული:
ოჯახის სიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით, უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად.
ვინაიდან უნგრეთი არ წარმოადგენს ევროპის იმ ქვეყანას, სადაც კაცების გათხოვების მაღალი რისკია, “ქართულ ოცნებას” უშიშრად შეუძლია გაიმეოროს უნგრული გამოცდილება.
ვიქტორ ორბანს მიღებული ჰქონდა “ოჯახის დაცვის მოქმედების გეგმა”, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ამ მიმართულებით აკეთებდა ეროვნული შემოსავლის ( GDP ) 5%-ის ინვესტირებას. ორბანის ამოცანა იყო, რომ ქვეყნის მოსახლეობა გაეზარდა არა იმიგრაციის, არამედ უნგრელთა შობადობის გაზრდის ხარჯზე.
ზემოთ ხსენებული გეგმა ითვალისწინებს შემდეგ მთავარ პუნქტებს:
1. ქალები, რომლებიც გააჩენენ და აღზრდიან ოთხ შვილს, სამუდამოდ თავისუფლდებიან სახელმწიფო გადასახადებისაგან.
2. 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა წყვილს დაქორწინებისას ეძლევა 10 მილიონი ფორინტის უპროცენტო სესხის აღების უფლება. მეორე ბავშვის დაბადების შემთხვევაში სესხის რაოდენობა ერთი მესამედით მცირდება; მესამის დაბადების შემთხვევაში კი ნულდება.
3. სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ გრანტებს აძლევს ბავშვებიან ოჯახებს პირველი სახლის საყიდელად და ნაწილობრივ უფინანსებს მრავალ-ადგილიანი მანქანების საფასურს.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს უშვილო წყვილების ინ-ვიტრო განაყოფიერების სრული საფასურის გადახდას.
პატრიარქი უნიჭიერესი პიროვნებაა და დარწმუნებული ვარ თავად დაუმატებს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს. ბოლოსდაბოლოს, უნგრელებმა რატომ უნდა გვაჯობონ?
წარმატებები ერის შენარჩუნების უწმინდეს საქმეში




