ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ზურაბ გურული: ...და მისი მიღების შემთხვევაში რატომ დასამარდება ქართული დემოკრატია და საერთოდ, ქართული სახელმწიფოებრიობა ჩანასახოვან სტადიაში

""რუსული კანონის" მოკლე ანატომია-გზამკვლევი
-------------------
სოციალური საშუალო კლასი არის ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის პოლიტიკურად ყველაზე დამოუკიდებელი და აქტიური სპექტრი. დამოუკიდებელი იმიტომ, რომ ფინანსური სტაბილურობა ადამიანს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს პირადი ღირსება, რაც გამოიხატება დამოუკიდებელი აზრის ქონაში ნებისმიერი საკითხის შესახებ, იქნება ეს პოლიტიკური თუ სოციალური.
აქტიური იმიტომ, რომ იგივე ფინანსური სტაბილურობა ადამიანს აძლევს საშუალებას ჰქონდეს საკმარისი თავისუფალი დრო და გამუდმებით არ ფიქრობდეს ლუკმაპურის მოპოვებაზე.
შესაბამისად, ნებისმიერი ავტორიტარული სისტემის მთავარი ამოცანაა საშუალო კლასის კონტროლი, ან თუ კონტროლი შეუძლებელია, განადგურება. ეს ისტორიული აქსიომაა. ზუსტად ამ მექანიზმით მოქმედებდნენ 1917 წლიდან რუსი ბოლშევიკები და ანალოგიური ტაქტიკით აგრძელებს მოქმედებას თანამედროვე რუსეთის ავტორიტარული რეჟიმიც.
თანამედროვე ქართული საშუალო კლასი შედგება ორი დაახლოებით თანაბარი ზომის სპექტრისაგან. ერთი არის უზომოდ გაბერილი სამთავრობო სექტორის დაფინანსებით უზრუნველყოფილი სპექტრი, რომელშიც შედიან როგორც უშუალოდ სახელმწიფო სექტორის ხელფასიანი თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტზე პირდაპირ და ირიბად დამოკიდებული პირები. ამ სპექტრის პოლიტიკური კონტროლი ძალიან ადვილია გასაგები მიზეზების გამო. მათი საარსებო წყარო სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ კონტროლირებადი ფინანსებია.
რაც შეეხება მეორე, ანალოგიური ზომის სპექტრს, ეს არის დემოკრატიული საზღვარგარეთიდან გულუხვად შემოსული ფინანსური გრანტებითა და უცხოური კომპანიების ხელფასებით უზრუნველყოფილი სოციუმი, რომელსაც ემატება ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხებით დაფინანსებული ოჯახები, თავად ემიგრანტები და პლუს ნებისმიერი სოციალური ფენა, რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო უცხოეთიდან შემოდის. ამ სპექტრის პოლიტიკური კონტროლი მთავრობას არ შეუძლია, რადგან მათი ფინანსური წყარო სრულიად დამოუკიდებელია ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურებისა და ინსტიტუტებისაგან.
ე.წ. "რუსული კანონი" სწორედ მეორე სპექტრის კონტროლის მექანიზმია. ანუ, სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ კონტროლირებადი ქართული საშუალო ფენის სპექტრის გარდა, დანარჩენი ყველა თანდათანობით ოფიციალურად გახდება "უცხოეთის გავლენის აგენტი" და მათი ნებისმიერი პოლიტიკური თუ სოციალური აქტიურობა გაკონტროლებული და დასჯილი იქნება ჯაშუშების ქსელის კონტროლისა და დასჯის ანალოგიურად.
რატომ არის ამ კანონის შედარება სრულიად აბსურდული ამერიკის, საფრანგეთის ან რომელიმე განვითარებული დემოკრატიული ქვეყნის ანალოგიურ კანონებთან?
პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ: ა) მძლავრი, განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების საშუალო კლასის აბსოლუტური უმრავლესობა არ არის დამოკიდებული უცხოეთიდან შესულ ფინანსებზე; ბ) განვითარებული დემოკრატიული სისტემის სამართლებრივი ინსტიტუტები უზრუნველყოფენ მოქალაქეების შემოსავლების არსებით დაცვას ტოტალური სახელმწიფო კონტროლისაგან.
შესაბამისად, ასეთ ქვეყნებში საშუალო კლასი პოლიტიკურად დამოუკიდებელი და თავისუფალია, რაც წარმოადგენს განვითარებული დემოკრატიის მთავარ ბაზისს, პოლიტიკური არჩევანის თავისუფლებას.
ამ ბაზისის შერყევა ჩამოაქცევს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს და სწორედ მსგავსი ფინანსურ-პოლიტიკური დივერსიების აღსაკვეთად სჭირდებათ მათ ანალოგიური კანონმდებლობა.
რუსეთი, ანუ ტოტალური ავტორიტარული დიქტატურა, დგას ორ კოლოსზე: 1) არაფრისმქონე ლუმპენი, რომლის გონება მხოლოდ პრიმიტიული ცხოველქმედებითაა დაკავებული, რადგან მეტი არაფრისთვის აქვს დრო და საშუალება; და 2) სახელმწიფო სამსახურების მიერ კონტროლირებადი ფინანსებით უზრუნველყოფილ საშუალო კლასზე.
ზუსტად ანალოგიური ვითარება იყო საქართველოშიც მანამ, სანამ დემოკრატიული საზღვარგარეთი გულუხვად გაღებული ფინანსებით ხელოვნურად არ შეეცადა პოსტ-საბჭოთა სივრცეში ისეთი საშუალო ფენის სპექტრის შექმნას, რომელსაც დამოუკიდებელი აზროვნების და მოქმედების ფუფუნება ექნებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ ღირსეული სოციალური არსებობა ადამიანებს დამოუკიდებელი, ღირსეული აზროვნების საშუალებას მისცემდა, რაც საბოლოოდ ჩამოაყალიბებდა კლასიკური დემოკრატიული საზოგადოების ჩანასახს.
აი ეს გახლავთ ე.წ. "რუსული კანონის" მოკლე, მაგრამ სრული ანატომია. ვისაც დაფიქრება შეუძლია, მიხვდება, თუ რატომ აქვს ამ კანონის მიღება-არმიღებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა და მისი მიღების შემთხვევაში რატომ დასამარდება ქართული დემოკრატია და საერთოდ, ქართული სახელმწიფოებრიობა ჩანასახოვან სტადიაში.
P.S. გზამკვლევში საუბარია ძირითად ტენდენციებზე და არა გამონაკლისებზე. საბედნიეროდ, დამოუკიდებლად მოაზროვნე, ღირსეული ადამიანები ნებისმიერ სიტუაციაში და სპექტრში შეიძლება არსებობდნენ," - წერს სოციალურ ქსელში მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.