ზურაბიშვილის თქმით, მოლდოვამ უცხოეთში 150 საარჩევნო უბანი გახსნა, „ალბათ ჩვენც შეგვიძლია”

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე შეხვედრა გამართა. ორბელიანების სასახლეში მან მიიწვია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომლის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად არ წარუდგინა. შეხვედრის დაწყებისას, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე შეკითხვის დასმას არ აპირებდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკა იმ ზომების გატარებაზე, რომლებიც საჭიროა უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის ხმის მიცემის გასაადვილებლად. ზურაბიშვილის თქმით, პირველი მნიშვნელოვანი ხარვეზი ის არის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს შეხვედრებში და ამით პასუხისმგებლობას იხსნის.
მისი თქმით, მთელი პროცესი გადაჯაჭვულია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის. „თუ მუშაობის ერთობლივი სურვილი არ არსებობს, მერე შეიძლება პინგ-პონგი მივიღოთ: „ჩემი ბრალი არ არის, ის არ მაძლევს ინფორმაციას. ეს უკვე დღეს გვესმის, სანამ დრო არის, ეს უნდა გამოსწორდეს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, მეორე საკითხი არის ის, რომ კანონი არსებობს – უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არიან, უფლება აქვთ მოითხოვონ საარჩევნო უბნის გახსნა, თუკი ერთ ქალაქში 50-ზე მეტი ცხოვრობს.
„ამაზე კანონი არსებობს, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, პარლამენტში საგარეო საქმეთა სამინისტრო გვეუბნება, რომ არ შეასრულებს, – შენიშნა პრეზიდენტმა და დაამატა, – გვეუბნებიან, ხან რესურსები არ გვაქვსო, ხან ყოველ „პადიეზდში” არ გავხსნითო, ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს. კიდევ ერთი მიზეზი, რასაც იყენებენ, ეს მოითხოვს პროცედურებს სხვა ქვეყნებთან, ეს მართალია, მაგრამ ეს არის სრულიად შესაძლებელი“.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ ელჩებს შეხვდა და ეს შეიძლება მოგვარდეს. ყველა პარტნიორი ქვეყნის ელჩმა დახმარებაზე თანხმობა გამოთქვა, თუმცა, მისი თქმით, ამ თემაზე საგარეო უწყებას საელჩოებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
პრეზიდენტმა გაიხსენა მოლდოვის მაგალითი, როდესაც უცხოეთში 150 საარჩევნო უბანი გაიხსნა. „თუ მოლდოვას შეუძლია, ჩვენ ყოველთვის ბევრი პრეტენზია გვაქვს და ალბათ ჩვენც შეგვიძლია. რატომ ვამბობთ, რომ ჩვენ ამის რესურსები არ გაგვაჩნია?!“
პრეზიდენტმა თქვა, რომ წინა შეხვედრაზე ცესკოსგან მოისმინა, რომ არსებობს რესურსები დამატებითი უბნების გასახსნელად.
„არ არის საკმარისი, რომ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, როდესაც ჩამოდიან ჩვენი ფეხბურთელები და ასეთ დიდ სიამოვნებას და პატრიოტულ გრძნობებს გვანიჭებენ. საჭიროა, რომ ჩვენც ვიცოდეთ, რომ დროზე იმ ადამიანებისთვის, ვინც მოღვაწეობენ ან წვალობენ, მივცეთ ის საშუალება, რომელიც ეკუთვნის ყველა მოქალაქეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი . მისი აზრით, პრეზიდენტს არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ რომ „ის თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში”.
22 მარტს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მიწვეულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა არ უპასუხა ერთ-ერთ მთავარ შეკითხვას: რამდენი უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
ოპოზიციას რამდენიმე თვეა, დაწყებული აქვს კამპანია, რათა რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა მოახერხოს ხმის მიცემა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ამ საქმის ორგანიზება კი ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალებათ. საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვე დარჩა.