სასამართლო პროცესზე მოწმემ თქვა, რომ „პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ ხალხისადმი სიტყვით მიმართვით”. ეს იყო დღევანდელ პროცესზე ყველაზე “მძიმე ბრალდება”. აი, ამ დონეზე მიდის მტკიცება, – ეს განცხადება მედიასთან ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულების – ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ გააკეთა.
ადვოკატის თქმით, მოწმე, რომელიც აღნიშნული განცხადება გააკეთა, სამართალდამცველია, მის მიერ გაცხადებული ეს წინადადება კი, ბრალდების ერთ- ერთი მაკვალიფიცირებელია.
ამასთან, ზვიად კორძის თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სწრაფად მიმდინარეობს და მოლოდინი აქვს იმისა, რომ შესაძლოა კიდევ უფრო დაჩქარდეს.
“დღევანდელ პროცესზე იყო ერთი პასაჟი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ საქმისთვის, მეტი არაფერი თქმულა. მოწმემ ასეთი რაღაც ბრძანა, რაც ბრალდების ერთ- ერთი მაკვალიფიცირებელია. მოწმემ თქვა, რომ “პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ ხალხისადმი სიტყვით მიმართვით”. ეს იყო დღევანდელ პროცესზე ყველაზე “მძიმე ბრალდება” და შევეცდებით გავაბათილოთ. ნუ მეკითხებით ნურაფერს, ეს იყო დღევანდელი პროცესის ყველაზე “მძიმე” სიტუაცია. აი, ამ დონეზე მიდის მტკიცება”, – განაცხადა ზვიად კორძაძემ და აღნიშნა, რომ მოწმის თქმით, სხვა არაფერი გაუგონია.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.




