„ზეწოლისა და დაშინების კლიმატი... იყო ასეთი შეგრძნება - „დიდი ძმა გიყურებს“. OSCE/ODHIR, PACE არჩევნებს აჯამებს

27 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ და წარადგინეს წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის პირველადი შეფასებები.
პასკალ ალიზარდი, ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე თავად არჩევნების დღეს.
მათ შორის, ის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს:
· არჩევნების პერიოდში არსებული პოლარიზებული გარემო;
· ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, რაც, მისი თქმით, განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმართ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში;
· დისბალანსი ფინანსური რესურსების კუთხით და ამ მხრივ მმართველი პარტიის უპირატესობა, რაც ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო სივრცეს;
· პოლარიზებული მედიაგარემო და კერძო მედიასაშუალებების ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური პროპაგანდისთვის, რაც ზეგავლენას ახდენდა პროცესის მიუკერძოებელ გაშუქებაზე და აბრკოლებდა ამომრჩევლების შესაძლებლობას, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.
· ქალების ნაკლები წარმომადგენლობა პარტიულ სიებსა და კამპანიებში.
„მიუხედავად იმისა, რომ პოლარიზება რჩება პოლიტიკურ სცენაზე და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენც როგორც დავაკვირდით, ამომრჩევლებს საკმაოდ ფართო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ, რადგან ბევრი საარჩევნო სუბიექტი იყო წარმოდგენილი.
მედიაგარემო ზუსტად ასახავდა ამ ღრმა პოლარიზებას. მედიასაშუალებების ინსტრუმენტებად გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდის მიზნით, რასაც თან ახლდა პარტიის პროგრამების მიუკერძოებელი ანალიზის ნაკლებობა და ასევე, როდესაც პოლიტიკოსები უარს ამბობდნენ დებატებში მონაწილეობაზე, ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენდა ამომრჩეველზე, რომ გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი.
კენჭისყრის დღე პროცედურულად ზოგადად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ მას თან ახლა დაძაბული გარემო, დაშინების შემთხვევები.
დასასრულს, მინდა, გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელისუფლება, ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და საქართველოს დაუახლოებს მის გაცხადებულ მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
დასასრულს, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვს ამ მისიის განმავლობაში", - განაცხადა პასკალ ალიზარდმა.
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევები შეაფასა იულიან ბულაიმ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, შემაშფოთებელი იყო ის სიძულვილის ენა, მიმართული სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები მიმართ, რაც მისი თქმით, ასევე უკავშირდებოდა უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, რამაც პროცესში განხეთქილება შეიტანა.
იულიან ბულაი საუბრობს ამომრჩევლის მოსყიდვისა და ხმების გაყალბების შესახებაც:
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.