ზელენსკი სროლისას პატრულის უმოქმედობაზე: ვერტიკალზე საკადრო გადაწყვეტილებებს მივიღებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიუკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევში ტერაქტის შემდეგ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო “მთლიან ვერტიკალზე საკადრო გადაწყვეტილებებს მიიღებს” და ასევე მსგავს სიტუაციებში რეაგირების პროტოკოლის გადახედვისკენ მოუწოდა.
“მინისტრი მთლიან ვერტიკალზე მიიღებს საკადრო გადაწყვეტილებებს. ამასთან, საჭიროა, რომ ასეთ სიტუაციებზე რეაგირების პროტოკოლი და ასევე პატრულის შერჩევა და მომზადებ გადაიხედოს”. – ტქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით, მათ შორის, პატრულის უმოქმედობის შესახებ გამოძიება უკვე დაწყებულია. მანვე აღნიშნა, რომ კლიმენკომ კიევში თავდასხმისა და შემთხვევის ადგილას მყოფი ორი პოლიციელის უმოქმედობის გამოძიების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
“ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე უკვე დაწყებულია და პატრულის სამუშაოს სრული შემოწმება მოხდება – მათ იმ გარემოებებში უნდა ემოქმედათ. ეს საქმე გამოძიებების სახელმწიფო ბიუროს აქვს ჩაბარებული. თავდასხმის შესახებ გამოძიებასა და მკვლელის, მისი მდგომარეობის, მის მიერ იარაღის მოპოვების შესახებ ყველა ფაქტს კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და უკრაინის ეროვნული პოლიცია ერთად ამოწმებენ”. – თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 18 აპრილს, კიევის ჰოლოსივსკის ოლქში შეიარაღებულმა პირმა, სულ მცირე, 6 ადამიანი მოკლა და კიდევ 10-მდე პირი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა და მაღაზიაში გამაგრდა.
მოგვიანებით, უკრაინის გენპროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ 58 წლის თავდამსხმელი, რომელმაც კიევში ავტომატური იარაღის გამოყენებით ხალხს ცეცხლი გაუხსნა, მოსკოვიდან იყო. უკრაინულ მედიაში არსებული ცნობების მიხედვით, ბრალდებული დმიტრი ვასილჩენკოვია.
დღეს, 19 აპრილს დილას სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ შემთხვევის ადგილას მისული ორი პოლიციელი სროლის დაწყების შემდეგ გარბის.
კიევში სროლის შემდეგ უკრაინის საპატრულო პოლიციის უფროსმა გადადგომაზე განაცხადი შეიტანა
მოგვიანებით, პოლიციელების უმოქმედობის შესახებ ცნობების გავრცელების ფონზე უკრაინის ეროვნული პოლიციის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ევჰენ ჟუკოვმა კიევში სროლის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომაზე განაცხადი შეიტანა.