ზელენსკი ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებს თავის „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს

17 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის და ნატოს ლიდერებს გააცნობს თავის „გამარჯვების გეგმას“ - ზომების კომპლექსს, რომელიც, მისი სიტყვებით, გარდატეხას შეიტანს ომის მსვლელობაში კიევის სასარგებლოდ.
ზელენსკის მიზანია, დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები, რომ კიევს ნატოში შესვლა შესთავაზონ და უზრუნველყონ სამხედრო დახმარება რთული ზამთრის წინ ბრძოლის ველსა და დანგრეულ ქალაქებში.
ზელენსკის ბრიუსელში გამოსვლისთვის მზადების ფონზე, უკრაინაზე რუსეთმა განახორციელა დრონებით თავდასხმის ახალი ტალღა, რომელიც მიმართული იყო კიევის და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
გეგმა, რომელიც, ზელენსკის აზრით, დაასრულებს ომს „არაუგვიანეს მომავალი წლისა“, მან გააცნო უკრაინის პარლამენტს და მოკავშირეებს - აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის, ასევე იტალიის ლიდერებს.
გეგმა, მისი თქმით, შედგება ხუთი პუნქტისაგან, რომლებიც შეიცავენ სამ საიდუმლო ნაწილს.ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი თხოვნა დასავლეთის მიმართ ეხება შორი რადიუსის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვას. მას სურს, დახმარება გაუწიონ ასევე „სარეზერვო ნაწილების აღჭურვაში“.
ზელენსკიმ 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ გეგმა კიდევ ერთხელ განიხილა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.