ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება ალბანეთში, სადაც დღეს, 28 თებერვალს შეხვდება პრემიერ-მინისტრ ედი რამას და სხვა ლიდერებს.
ზელენსკი ტირანაში გასულ ღამით ჩავიდა. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგლი ჰასანიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი გადამწყვეტი მომენტია ორმხრივი კავშირების განმტკიცებისთვის და სოლიდარობის გამოსახატად უკრაინისადმი, რომელიც რუსულ აგრესიას გმირულად ებრძვის.
ალბანეთში ვიზიტამდე უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა საუდის არაბეთში, სადაც 27 თებერვალს შეხვდა ტახტის მემკვიდრე პრინცს, პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ სალმანს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, განხილული იყო კიევის „მშვიდობის ფორმულა“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასრულების გეგმა, „მშვიდობის ფორმულა“ 2022 წლის ნოემბერში წარუდგინა „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტს.
„მშვიდობის ფორმულა“ მოიცავს გაეროს წესდების შესრულებას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მსოფლიო წესრიგის აღდგენას, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანას და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, რადიაციულ, ბირთვულ, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ტყვეების და დეპორტირებულების გათავისუფლებას, ეკოციდის აღკვეთას, ესკალაციის არდაშვებას და ომის დასრულების ფიქსაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნადიმ ხმალაძე: პუტინი შეურაცხადია, ის ომს არ დაასრულებს რადგან თუ ეს გააკეთა საკუთარ თავსაც დაასრულებს. და კიდევ, პუტინს არც უკრაინა და დონბას-ყირიმი სჭირდება . ის დასავლეთს და ამერიკას აჩვენებს ძალას

პაპუაშვილი: ბუბა კიკაბიძე პარლამენტის წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი ნომერი გახლდათ, მაგრამ, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო ჩვენთვის მისი გადაწყვეტილება, რომ დიქტატორი სააკაშვილის პირველი ნომერი ყოფილიყო, მე მგონი, თქვენ არ გახსოვთ ერთი სიტყვაც კი…