ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან – ყველა საკითხი გავიარეთ, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესი არ არის პოლიტიკურად მართული, – ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატი შეიქმნება და სავარაუდოდ, 5 ივნისს, შეხვედრა კვლავ გაიმართება.
„დეტალურად გადავეცით ინფორმაცია მედიკამენტებთან, მიმდინარე პრობლემებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გახდა საჭირო უწყვეტი აქციის გამართვა მთავრობის სასახლის წინ. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. გავცვალეთ ინფორმაციები. ვხედავთ უკვე მზაობას, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ფორმატი. ჩვენ მაქსიმუმ, ზეგ ისევ შევხვდებით და ცალკეულ საკითხებს ისევ გავივლით, რაც დღეს ვერ მოხერხდა. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესი არ არის პოლიტიკურად მართული. მშობლების, რომლებიც ჩართულები ვართ, ძირითადი მოთხოვნაა მედიკამენტების მიღება. საზოგადოებამ რომ გამოხატა სოლიდარობა, არავის მხრიდან არ არის მართული და დაკავშირებულია იმ საჭიროებებთან, რაც აუცილებელია ბავშვებთან მიმართებაში. არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია ფარმაცევტულ კომპანიებთან და ძალიან ცუდად ჟღერდებოდა, თითქოს რომელიმე ფარმაცევტული მაფიის მართული იყო რომელიმე მშობელი ან ორგანიზაცია. ამ კითხვებსაც გაეცა პასუხი. პასუხი გაეცა იმასაც, რომ ბუნებრივია, არაერთი მედიკამენტია, რომელიც აღიარებულია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში და ბოლოს დიდმა ბრიტანეთმაც აღიარა. ამასთან მიმართებაში გაიცვალა ინფორმაციები და მიიღო საჭირო ინფორმაცია,“ – განაცხადა გვიშიანმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც ესწრებოდა და საერთოდ არ ყოფილა საუბარი მედიკამენტების უკუჩვენების შესახებ და ფატალურ შედეგებზე.
გვიშიანი აღნიშნავს, რომ დღევანდელი შეხვედრა იმედისმომცემი იყო და „შემდეგი შეხვედრები იქნება კონკრეტიზაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია მედიკამენტების მისაღებად“.
„სამუშაო ჯგუფი შეხვედრების ფორმატში იქნება და თითოეულ მედიკამენტზე იქნება გავლილი. აღარ იყო ახლა საუბარი უსაფრთხოებაზე. საუბარი უფრო იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები და არ არის აუცილებელი, რომ ყველაზე მკაცრმა რეგულატორმა „ემამ“ აღიაროს ცალკეული მედიკამენტები. ბატონ პრემიერს არც ერთი კითხვა არ დაუსვამს იმის თაობაზე, რატომ არ არის აღიარებული „ემას“ან სხვა ქვეყნების მიერ თუნდაც „ვამოროლონი“, ან „ჯივინოსტატი“. ჩვენ დავრწმუნდით ამაში, რომ თითოეული კითხვა იყო მიმართული იმისკენ, რომ მართლაც გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები პრემიერ-მინისტრის მხრიდან.
გადაჭრით არც ერთ მედიკამენტზე არ ყოფილა [საუბარი[, თუმცა 4-ვე მედიკამენტზე იყო საუბარი, რა გზებით შეიძლება აწარმოოს სახელმწიფომ მოლაპარაკება. იყო ეფექტურობაზე საუბარი 4-ვე მედიკამენტებზე. საუბარი იყო, რა გზებით შეიძლება მაქსიმალურად უმოკლეს დროში მიღწეული იქნეს შეთანხმება. დღევანდელ შეხვედრაზე ვერ იქნებოდა ვერც ერთი გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ დაიწყო ეს პროცესი. თითოეული მშობელი და ორგანიზაცია მივესალმებით ამ პროცესის დაწყებას. ბოლომდე მოგვისმინეს. ბუნებრივია, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არის კომუნიკაცია. შედგა ეს კომუნიკაცია, გაგრძელდება სამუშაო ფორმატი და მშობლები დარწმუნებული ვართ, რომ მაქსიმალურად უახლოეს პერიოდში იქნება ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიღებული. ეს იყო მართლაც იმედისმომცემი შეხვედრა, რაც აქამდე გვქონია,“ – განაცხადა გვიშიანმა.




