ბრიტანულმა ჯგუფმა Pet Shop Boys საკუთარ იუთუბ-არხზე გამოაქვეყნა სიმღერა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე „ზესაიდუმლო სარეცხი მანქანა“. რომელიც შთაგონებულია ალექსეი ნავალნის მოწამვლით. კერძოდ, მისი ტრუსის მოწამვლით.
რამდენიმე წლის წინ ეფესბეს აგენტებმა ჩუმად შეაღწიეს ოპოზიციონერის სასტუმროს ნომერში და „ნოვიჩოკით“ მოწამლეს მისი საცვლის უბე. ნავალნი მაშინ სასწაულით გადაარჩინეს გერმანელმა ექიმებმა ბერლინში. მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გაექცა პუტინის შხამს. უფრო ზუსტად, თვითონ ეახლა მას, საკუთარი ფეხით მივიდა შხამთან. კომიდან გამოსვლისა და რეაბილიტაციის შემდეგ, ნავალნიმ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. მაშინ ბევრი უშედეგოდ ეცადა მის გადარწმუნებას. 2021 წლის 17 იანვარს ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. იმ დღიდან მას აღარც უნახავს თავისუფლება. 3 წლის თავზე იგი კოლონიაში მოკვდება. ეფესბე ამჯერად მას უკვე სასიკვდილოდ მოწამლავს.
ბრიტანულმა ჯგუფმა ახალი სიმღერის გამოქვეყნება რუსეთის დუმაში არჩევნებს დაამთხვია. სიმღერა იხსნება პუტინის საცვლით. „ვინ ურეცხავს პუტინს ტრუსებს?“ ვიდეოს აღწერაში მოტანილია ციტატა ალექსეი ნავალნის მიმართვიდან, რომელიც საკუთარ სასამართლოზე წარმოთქვა კოლონიამდე: „…გახსოვთ, იყო ალექსანდრე განმათავისუფლებელი. ან იაროსლავ ბრძენი. და აწი გვეყოლება ჩვენ ვლადიმირ ტრუსთა მომწამვლელი“.
ვინ ურეცხავს პუტინს ტრუსებს?
ვინ ინახავს სისუფთავეს
მისი სახლის ანალებში,
ფარულ სარეცხ მანქანაში?
სიმღერაში ნათქვამია, რომ პუტინს ყველაფერი შერჩება, როგორც სტალინს ან პეტრე დიდს, მისი საიდუმლოებანიც საუდუმლოებადვე დარჩება, სანამ ერთ დღესაც ყველაფერი არ აირევა და განავალი ვენტილატორს არ მოხვდება. იქამდე კი მისი ერთგული ქალი ან კაცი მის საცვლებს რეცხავს და რეცხავს, მთელი დღე რეცხავს, რეცხავს დღითა და ღამით.
პუტინს ბევრი აკრიტიკებს ღიად, მაგრამ ასე ჯერ არავის დაუცინია. მით უფრო, ასეთი რანგის არტისტს. Pet Shop Boys პირველია, ვინც ეს გაბედა. და ამას ნაღდად გაბედვა სჭირდება. ამაზე პასუხს თვითონ სიმღერა იძლევა. პუტინი ხომ ყველას კლავს, ვინც მას აკრიტიკებს, ქალსა და კაცს, ჟურნალისტსა და პოლიტიკურ ოპონენტს. პუტინის დავალებით ან მის საამებლად მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია და ბორის ნემცოვი, ალექსანდრე ლიტვინენკო და ალექსეი ნავალნი. ეს სია გრძელია. მერამდენე წელია, პუტინი ხოცავს უდანაშაულო ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს… ადამიანს.
სიმართლე ითქვას, დიდი ვერაფერი სიმღერაა. განსაკუთრებით, ჯგუფის ძველი ჰიტების ფონზე. Pet Shop Boys არაერთი შედევრი აქვს. სულერთია, გიყვარს თუ არა ეს ლონდონური დუეტი, შეუძლებელია, მისი ჰიტების ძალა არ გეგრძნო ოდესმე. სამწუხაროდ, „ზესაიდუმლო სარეცხ მანქანაში“ არაფერია, რაც მას ჰიტად აქცევს. მაგრამ აქ ეს არცაა არსებითი. არსებითი თვითონ ამ სიმღერის არსებობაა. ესაა დეკლარაცია. გამოცხადებული ზიზღის ქრონიკა. ასეთი რანგის არტისტმა პირდაპირ დასცინა და უწოდა ვლადიმირ პუტინს საცვლების მომშხამავი.
ვინ იცის, მართლაც შერჩება მას ყველა მავნებლობა, როგორც სტალინს, თუ, როგორც Pet Shop Boys ამბობს, ერთ ნავს დღესაც აირევა ყველაფერი და მის ვენტილატორსაც მოხვდება განავალი?




