პრესსამსახური ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ავრცელებს, სადაც ის პეტერ მადიარს უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, ხოლო ვიქტორ ორბანს მადლობას უხდის “ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის”.
“ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.
მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის.
საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება”. – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, წინასწარი შედეგებით, უნგრეთის ოპოზიციურ პარტიას, Tisza-ს პარლამენტში სუპერუმრავლესობის, ანუ მანდატების ორი მესამედის, მოსაპოვებლად საკმარისი ხმა აქვს. სუპერუმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში Tisza-ს კონსტიტუციის შეცვლა შეეძლება.
ორბანმა არჩევნებში მარცხი აღიარა: შედეგი მტკივნეულია, მაგრამ ნათელია
პარალელურად, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მხარდამჭერებთან გამოსვლისას საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, “არჩევნების შედეგი მტკივნეულია, მაგრამ ნათელია”.
ორბანმა დაამატა, რომ Fidesz უნგრეთის მსახურებას ოპოზიციიდან განაგრძობს და “არასდროს დანებდება”.
მანამდე, ოპოზიციის ლიდერმა, პეტერ მადიარმა Facebook-ზე დაწერა, რომ ორბანმა მას დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
