ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ, აშშ-მა და ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედონ - ერთიანი პოზიცია არის გასაღები სამართლიან მშვიდობასთან მისაახლოებლად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან გამართული შეხვედრის შესახებ ესაუბრა.
„მე მას ვესაუბრე გენერალ კელოგთან ჩემი შეხვედრისა და უცხოელ ლიდერებთან ჩემი ბოლო სატელეფონო ზარების შესახებ. უკრაინამ, აშშ-მა და ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედონ - ერთიანი პოზიცია არის გასაღები სამართლიან მშვიდობასთან მისაახლოებლად“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ემანუელ მაკრონთან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს.
„საფუძვლიანად განვიხილეთ ჩვენი შეხედულებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ - სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ჩვენი საერთო მიზანია და ჩვენ ერთად ვმუშაობთ მის მისაღწევად. ასე უნდა მუშაობდნენ ნამდვილი პარტნიორები. მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა იყოს ძლიერი - იმდენად ძლიერი, რომ რუსეთი ვეღარასოდეს ვერ დაესხას ვინმეს თავს და ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.