ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტუსკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის ახალ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„ევროპული საბჭოს სხდომის წინა დღეს ჩვენ მისი მომავალი გადაწყვეტილებები განვიხილეთ, რაც მთელი ევროპული საზოგადოების ერთიანობას შეუწყობს ხელს. მე გულწრფელი მხარდაჭერის სიტყვები მოვისმინე. ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვართ, როცა ერთად ვართ – უკრაინა და პოლონეთი“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კიევში მიიწვია.
„დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის ახალ მთავრობასთან ერთად, ჩვენს ურთიერთობებში არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის ორმხრივად მომგებიანი გზით მოგვარებას შევძლებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 13 დეკემბერს დონალდ ტუსკის მთავრობამ პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში დადო ფიცი და მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!