ვლადიმერ პუტინმა, რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ, სახელმწიფო დუმას შეთანხმება წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა შეთანხმება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ხელმოწერილია ქალაქ ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
დოკუმენტების პაკეტი ასევე მოიცავს მთავრობის დასკვნას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.