ვლადიმერ პუტინმა და ნარენდრა მოდიმ ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ნიუ-დელიში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა მოსკოვისა და ნიუ-დელის შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობას და ავიაციასთან, კოსმოსთან და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული თანამშრომლობის ახალ მიმართულებებს.
„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, მათ ნამდვილად ძალიან ღრმა ისტორიული ხასიათი აქვთ“, - აღნიშნა პუტინმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში „გაწეული ძალისხმევისთვის“.
„მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მადლობას გიხდით ამ სიტუაციის მოსაგვარებლად გაწეული ძალისხმევისთვის“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ნარენდრა მოდისთან შეხვედრაზე.
თავის მხრივ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მოსკოვი და ნიუ-დელი რეგულარულად ცვლიან მოსაზრებებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც „ქვეყნებს შორის არსებულ დიდ ნდობაზე მიუთითებს“. მისივე მტკიცებით, ინდოეთი მხარს უჭერს კონფლიქტის სწრაფ მოგვარებას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.