ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიცე-მერი - თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი საავტობუსე ხიდი აშენდება - ასევე, მოეწყობა 3 ახალი საბაგირო დერეფანი

ვიცე-მერი - თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი საავტობუსე ხიდი აშენდება - ასევე, მოეწყობა 3 ახალი საბაგირო დერეფანი

დედაქალაქში ახალი საავტობუსე ხიდი აშენდება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ხიდზე 18-მეტრიანი ავტობუსები სწრაფად და შეუფერხებლად იმოძრავებენ, რაც გადაადგილების დროს შეამცირებს და ტრანსპორტის ეფექტიანობას გაზრდის.
„ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. პრობლემა არის ამ არეალების ერთმანეთთან დაკავშირება. ამ ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებით 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება ძალიან პრობლემურია. პროექტის განხორციელების შედეგად, საავტობუსე ხიდი უზრუნველყოფს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს ყველაზე დატვირთულ უბნებს შორის კავშირს კომფორტულად 18-მეტრიანი ავტობუსების მეშვეობით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ თბილისში 3 ახალი საბაგირო დერეფანი მოეწყობა: ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბანი, სარაჯიშვილი-ზღვისუბანი, მ/ს „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა.
„საბაგიროს ტრადიცია ჩვენს ქალაქში არსებობს. ბოლო წლებში მათი რეაბილიტაციაც განვახორციელეთ. ამ შემთხვევაში კი საბაგიროს ეძლევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია. ეს სამი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით დიდი შეღავათი იქნება ადგილობრივებისთვის. ასევე, აღნიშნული საბაგირო დერეფნის მოწყობა ირიბად იქნება დაკავშირებული ავტობუსების, მიკროავტობუსების გამოთავისუფლებასთან“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
ვიცე-მერმა პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა დედაქალაქისთვის ტრამვაის ახალი ხაზის მშენებლობის მნიშვნელობაზეც.
„ტრამვაი ბრუნდება. ეს ნამდვილად ისტორიული პროექტია. ტრამვაის ახალი ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. ერთი მხრივ, ტრამვაი ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მეორე მხრივ, დიდი დიღომი არის რაიონი, საიდანაც ტრანსპორტითა თუ ავტომობილებით ადამიანების გადაადგილების სიხშირე ძალიან მაღალია. ამ მიმართულებით აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამით ეს არ სრულდება - ვაკეთებთ კვლევებს იმისათვის, რომ ტრამვაი სხვადასხვა მიმართულებით გაჩნდეს ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.