ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვისოლი" კონტრაქტის ამოწურვით ხსნის რეკლამიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრის ამოღებას

"ვისოლი" კონტრაქტის ამოწურვით ხსნის რეკლამიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრის ამოღებას

"ვისოლი" რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ განცხადებაში განმარტავს, რომ ეს აქციებისას დაკავებულ მსახიობთან კონტრაქტის ვადის გასვლის გამო გააკეთეს.
ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით კომპანია "ვისოლის" რეკლამა 2023 წლის აგვისტოში გავიდა. "ვისოლის" თანახმად, 2024 წლის სექტემბრიდან რეკლამა თავიდან გაუშვეს, რის გამოც მსახიობთან დამატებითი კონტრაქტი გააფორმეს.
"ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყენების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით", - განმარტავს კომპანია.
ოთხ იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები "ვისოლის" რეკლამიდან, რომელშიც წინა, თითქმის იდენტური ვერსიისგან განსხვავებით, ანდრო ჭიჭინაძე აღარ ჩანდა.
"ახალი თეატრის" მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 7 დეკემბრიდან აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობაშია. მას ბრალად ედება პროევროპული საპროტესტო აქციებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ეს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მოქალაქეების ნაწილს გაუჩნდა ეჭვი, რომ "ვისოლმა" ჭიჭინაძის კადრები პოლიტიკური მიზეზით ამოიღო რეკლამიდან. კომპანია ამას "მტკნარ სიცრუესა და დეზინფორმაციას" უწოდებს.
ანდრო ჭიჭინაძე იმ პროტესტის მონაწილეა, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში თვეზე მეტია მიმდინარეობს. ხალხის მღელვარებას საფუძვლად უდევს „ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილება - 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს ასეულობით პირი, რომლებსაც ცემისა და ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ. დაკავებული დემონსტრანტების ნაწილი სისხლის სამართლის წესით გაასამართლეს. ათეულობით დაკავებული კვლავ საპატიმროში რჩება.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.