ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვიზალიბერალიზაცია გაზრდის სომხეთის ევროინტეგრაციის ალბათობას” – სომეხი პოლიტოლოგი

“ვიზალიბერალიზაცია გაზრდის სომხეთის ევროინტეგრაციის ალბათობას” – სომეხი პოლიტოლოგი

სომეხმა პოლიტოლოგმა, ემილ ორდუხანიანმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, როგორც მნიშვნელოვანი პროცესი, ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს პოზიტიურ ნაბიჯად, ხოლო ვინაიდან არსებითი და ხელშესახები შედეგების ინიციირების პროცესი უკვე დაწყებულია, ეს იმის მანიშნებელია, რომ სომხეთი, გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, ევროკავშირს დაუახლოვდა, რაც შესაძლებელს ხდის ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის უფრო პრაქტიკული მიმართულებით გადასვლას.
“თუმცა, აუცილებელია ვხვდებოდეთ, რა ვადებზეა საუბარი. ეს სომხეთის მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას შეუფერხებლად იმოგზაურონ ევროპის ქვეყნებში, შესაბამისად გამოცდილების გაცვლის, კულტურისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ეს გაამარტივებს პროცესს და უფრო სავარაუდოს გახდის სომხეთის ევროინტეგრაციას”, – განაცხადა ორდუხანიანმა.
პოლიტოლოგმა ყურადღება გაამახვილა შესაძლო რისკებზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ემიგრაციის მაჩვენებელი გაიზრდება, ეს გამოიწვევს უარყოფით ეფექტს, მაგრამ თუ ყველაფერი კონტროლის ქვეშ მოექცევა, მაშინ შესაძლოა ექსკლუზიურად იმ სარგებლობაზე საუბარი, რომელიც ზოგადად ახალ შესაძლებლობებს მოუტანს სომხეთს.
“თუ ჩვენ გვაქვს ევროინტეგრაციის მიზანი და ეს არის სტრატეგიული ინტერესი, მაშინ ვიზალიბერალიზაცია, ბუნებრივია, საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს უკეთ გაიცნონ ევროპა და ჰქონდეთ არა მხოლოდ შორეული წარმოდგენა. ეს გულისხმობს პირდაპირ კონტაქტებსა და აქტიურ თანამშრომლობას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინტეგრაციის პროცესს”, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
კითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა შესაძლო რისკები, კერძოდ, სომხეთში განხორციელებული რეფორმების შესაძლო ჩავარდნის საკითხი, პოლიტოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხი ურთიერთგავლენის სფეროშია.
“თუ სომხეთი გარკვეულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ეს შესაძლებელს გახდის ვიზალიბერალიზაციას. მაგრამ, თუკი რაღაც მომენტში მოხდება გარკვეული გადახვევა, პროცესი შესაძლოა გადაიხედოს, როგორც საქართველოს შემთხვევაში, სადაც ევროკავშირთან არსებული ურთიერთობები, უფრო მჭიდრო ურთიერთქმედების თვალსაზრისით, გადახედვის ეტაპზეა გადასული და საუბარიც კი არის ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვაზე.
სომხეთმა უნდა იბრძოლოს, რომ შეინარჩუნოს და შემდეგ აამაღლოს მიღწეული ბარიერი. მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება პროცესი რეალური. ჩვენ პოლიტიკურ პროცესებში რისკები კონტროლის ქვეშ გვაქვს. თუ ჩვენი ხალხი ერთგული იქნება ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვისა და დასავლური სამყაროს სხვა ცივილიზაციური პრინციპებისადმი, მაშინ ამ პირობებში ჰარმონიული განვითარება გაგრძელდება და რისკები განეიტრალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი შენელდება ან უარყოფითი შედეგების შემთხვევაში,მთლიანად შეჩერდება,” – განმარტა ორდუხანიანმა.
სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას, ორდუხანიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პროცესიც დადებითია, რადგან მას ახორციელებენ დემოკრატიული მისწრაფებების მქონე გარე საპარლამენტო ძალები და არის საზოგადოებაში ამ დღის წესრიგის გარკვეული მოთხოვნაც.
“ჯერჯერობით პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, რაც ასევე შესაძლებელს ხდის საზოგადოებაში არსებული განწყობის პრაქტიკულად იდენტიფიცირებას ემპირიულ მასალად. შემდეგ მთავრობას შეუძლია დაეყრდნოს ამ მტკიცებულებებს და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, გათვლების კონტექსტში. ამ პროცესის შედეგად, შესაძლო რეფერენდუმმა შესაძლოა შეცვალოს ეროვნული ასამბლეის იმიჯი მომავალი საპარლამენტო არჩევნების ძალთა ბალანსის კუთხით. რაც უფრო მეტი დემოკრატიული ძალა გვეყოლება პარლამენტში, მით უფრო რეალური გახდება ვიზების ლიბერალიზაცია, ევროპასთან დაახლოების პროცესი და საბოლოო ჯამში – ინტეგრაცია,” – დაასკვნა პოლიტოლოგმა.
“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო 50 ათასი ხელმოწერიდან ნახევარზე მეტი უკვე შეგროვდა. ამის შესახებ აქტივისტებმა განაცხადეს.
“დემოკრატიული ძალების პლატფორმის” შტაბმა ხელმოწერების შეგროვების პირველი 15 დღის შედეგები გამოაცხადა და იტყობინება, რომ რეფერენდუმის პროექტს მხარი სომხეთის 27 560-მა მოქალაქემ დაუჭირა, რაც საჭირო რაოდენობის 55,12%-ს წარმოადგენს.
ორგანიზაციის “თავისუფალი მოქალაქე” ხელმძღვანელმა ოვსეპ ხურსუდიანმა განაცხადა, რომ ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს როგორც ერევანში, ასევე სომხეთის 10-ვე რეგიონში, უბნები გახსნილია 44 გაფართოებულ თემში. გავრცელებული ინფორმაციით, ხელმოწერების 58,5% შეგროვდა ერევანში, დანარჩენი 41,5% პროვინციებში. ხელმოწერების შეგროვების ინიციატორები იმედოვნებენ, რომ კანონით დადგენილ ვადამდე შეძლებენ საჭირო 50 ათასი ხელმოწერის შეგროვებას.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესმდივანმა სედა გუკასიანმა განაცხადა, რომ ხელმოწერების შეგროვების ვადა 60 დღეა, 2024 წლის 16 სექტემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.