(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია

11
13 მაისს, პროტესტის გამო ტაქსის აპლიკაციები უკვე ერთი დღით, 24 საათით გაითიშება
მძღოლები ითხოვენ მოლაპარაკებების დაწყებას შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად.
საზოგადოებას კი – სოლიდარობას.
საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის – ლაბორის წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე, ამბობს:
გვეუბნებოდნენ, რომ ტაქსის მძღოლებს ორგანიზების უნარი არ გააჩნიათ, იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ მათ არც ერთიანობა შეუძლიათ, თუმცა, პირველი მაისის პროტესტმა დაგვანახა, რომ მათ ერთის შესაძლებლობაც აქვთ და მეორისაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას ერთად გვინდა, რომ პრობლემები და სოციალური გამოწვევები, რაც მათ აწუხებთ, რაც შეიძლება მალე დაკმაყოფილდეს. თუმცა, იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც წლებია არ მოგვარებულა, ერთ დღეში შეუძლებელია და ჩვენ ამას ვაცნობიერებთ.
არსებობს ტაქსის მძღოლთა ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს ყოველდღიურ რეჟიმში და მე მჯერა, რომ ისინი ამისთვის მზად არიან. მაგრამ არსებობს მეორე ნაწილი, რომელიც უბრალოდ, ფიზიკურად ვერ გაუძლებს ყოველდღიურ პროტესტს სოციალური პასუხისმგებლობების, ვალდებულებების, ქირის, სესხის და კრედიტების გამო. ჩვენი ფუნქცია უნდა იყოს სოციალური პროტესტის გაძლიერება ეტაპობრივად.
ტაქსის კომპანიები შეეცდებიან, რომ არ შეიმჩნიონ თქვენი პროტესტი, რადან უიმედობა დაგეუფლოთ, რადგან ჩათვალოთ, რომ პროტესტის მიუხედავად, ვითომ, მათ პრობლემები მაინც არ ექმნებათ. მერწმუნეთ, რეალურად მათ აქვთ პრობლემები და ისინი აუცილებლად წამოვლენ მოლაპარაკებებზე.
მნიშვნელოვანია, პროტესტი დაიგეგმოს ისე, რომ ტაქსის მძღოლებს მიეცეთ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, ასევე სოციალური ვალდებულებების გასტუმრების შესაძლებლობა.
გახსოვდეთ, რომ კურიერები ტაქსის მძღოლთა პროტესტის მიმართ არიან სოლიდარულები, აუცილებლად მოვა ის დღე, როცა კურიერებსაც დასჭირდებათ თქვენი სოლიდარობა და თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ.
გვინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადოთ და თანადგომისთვის მოვუწოდოთ, რადგან 13 მაისს, ამჯერად 24 საათის განმავლობაში, გაითიშება ტაქსის აპლიკაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეეხება დიდ ქალაქებში, პროტესტის შინაარსსა და ორგანიზაციულ წყობაზე, ინფორმაციას მოგაწვდიან ტაქსის მძღოლთა გაერთიანების კომიტეტის წევრები.
ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი, ორგანიზებულ ბრძოლას – წარმატება!
“>