ვიდეომონტაჟის შესახებ გავრცელებული პოსტის გამო ბაბი კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება

მომღერალი 9 დეკემბერს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება ვიდეო-ფაბრიკაციის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის საქმეზე.

როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან საგამოძიებო უწყებაში, მომღერალს გამომძიებელი 7 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დაუკავშირდა:

„მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, ჩვენი უწყება დაინტერესდა ამ საქმით. გუშინვე ესაუბრა მას გამომძიებელი და შაბათსაა დაბარებული საგამოძიებო უწყებაში“.

7 დეკემბერს, მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ე.წ. ჩათებში ვრცელდება პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაცია და გეგმავს მიმართოს საგამოძიებო უწყებებს:

„პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ… აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს“.

ბაბი კირკიტაძე “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

მომღერლის პოსტს სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურნენ უფლებადამცველები.

თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი წერს, რომ აუცილებელია დროულად დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძება:

„ძალიან მძიმე ამბავზე საუბრობს ეს ქალი. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს ვიღაცის შესრულება და პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ არ შეიძლება ოპონენტები სიძულვილის ობიექტად ვაქციოთ. ვიდეო ფაბრიკაცია, რაზეც აქ საუბრობს ბაბი კირკიტაძე დანაშაულია და სექსიზმის და მიზოგინიის მძიმე ფორმაა და ის აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული”.

ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კიბერძალადობა, რომლის შესახებაც მომღერალი თავის პოსტში წერს, გენდერული ძალადობის კლასიკური მაგალითია. ამბობს, რომ გამოძიებამ ამ დანაშაულს შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მისცეს, დროულად უნდა გამოვლინდნენ, როგორც ვიდეო-ფაბრიკაციის შემქმნელები, ისე მათი გამავრცელებლები და ასევე დროულად უნდა მოხდეს ვიდეოფაბრიკაციის ინტერნეტ-სივრციდან გაქრობა: „ამ დანაშაულს, რასაც უმეტესად ქალები აწყდებიან, აუცილებლად აქვს გენდერული ასპექტი და გამოძიება აუცილებლად დისკრიმინაციული ნიშნით უნდა წარიმართოს. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ საქართველოში, როდესაც ეს მეთოდი გამოიყენეს აქტიური ქალების წინააღმდეგ და ამ მეთოდის მიზანია, ამ ქალების გაჩუმება და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მათი გაუჩინარება“.

წყარო