პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვეფხია კასრაძე ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

ვეფხია კასრაძე ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

პარტია „ლელოს” წევრი ვეფხია კასრაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ვეფხია კასრაძემ ორშაბათს, 3 თებერვალს გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და იმავე დღეს დააბრუნეს საკანში. კასრაძეს ნაოპერაციევი გაურთულდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
მანამდე ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დაწერა, რომ დღეს, 11:15 საათზე რევაზ კიკნაძემ ციხიდან დაურეკა და უთხრა, რომ ვეფხია კასრაძე ძალიან ცუდად იყო და კლინიკაში არ გადაჰყავდათ.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები კასრაძე კლინიკა „ვივამედში“ მოინახულებენ.
პროევროპული აქციების მონაწილე ვეფხია კასრაძე 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
6 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იმავე მუხლით დაპატიმრებულია კიდევ ორი ადამიანი – “ლელოს” წევრი, ვასილ კაძელაშვილი და 19 წლის ზვიად ცეცხლაძე.
ამავე საქმის ფარგლებში დაკავებულია კიდევ 5 ახალგაზრდა – 18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია, 20 წლის სტუდენტი გიორგი გორგაძე, 19 წლის სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი, 20 წლის სტუდენტი ნიკოლოზ ჯავახიშვილი და 24 წლის თორნიკე გოშაძე. მათ ბრალდება წარდგენილი აქვთ 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.