"ვერელებისა და ვაკელების მარში" რუსთაველის გამზირისკენ მიემართება

ტარას შევჩენკოს ბაღში შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაადგილდებიან.
მსვლელობა სლოგანით - "ვერელებისა და ვაკელების მარში" ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირზე იმყოფება.
მათ უჭირავთ მთავარი ბანერი წარწერით - "მოდის ვაკე და ვერა, ჩვენ გავიმარჯვებთ გვჯერა".
მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის ბანერები - "განქოცდით ან შეგვეშვით", "ქოცალაქე მოქალაქეების ადგილი ვერა-ვაკე არ არის" და ა.შ.
მსვლელობაში მონაწილეობას ვაკეში მცხოვრები მოქალაქეების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც იღებენ.
მსვლელობას ასევე, შსს-ს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.
მოქალაქეების მოთხოვნები კვლავ უცვლელია - გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების პერიოდში დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ხელახალი ვადამდელი არჩევნები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.